1 დეკემბერს, გალობის უნივერსიტეტს ზაურ თეთრაშვილი, უენო სალამურზე დაკვრის ოსტატი, ესტუმრა. ზაური პაპა, 85 წლის ეთნოფორია სოფელ შილდიდან, სიყვარულით სავსე თვალებითა და უსაზღვროდ კეთილი გულით. უენო სალამურზე დაკვრა მწყემსებისაგან ბავშვობაში ისწავლა და მას შემდეგ ეს საკრავი აღარ მიუტოვებია.
შეხვედრაზე თავისი ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გაიხსენა და სხვა დასაკრავებთან ერთად, უენო სალამურზე ჯერ კიდევ ბავშვობაში მწყემსებისაგან მოსმენილი მელოდიებიც ააჟღერა. უენო სალამურზე დაკვრის ტრადიციის შენარჩუნება ზაური პაპას დიდი სურვილია. ამისათვის სტუდენტებს გააცნო მასზე დაკვრის ტექნიკები და უნივერსიტეტს საჩუქრად თავისი ხელით დამზადებული სალამური გადასცა.
ზაური პაპასთან შეხვედრა გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ლოტბარისა და ყველასათვის გამორჩეული მომღერლის – ბექა ბიძინაშვილის დახმარებით განხორციელდა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით!