სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ივანე ჩხარტიშვილი

vano

დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს ოზურგეთში.

განათლება:
1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ხოლო 1990 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.
შრომითი საქმიანობა:
1987-დან 1990 წლამდე იყო თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი.
1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს საქალაქო სამმართველოს სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილედ.
1991-1993 წლებში „ბინსოცბანკის” კრწანისის განყოფილების უფროსია, 1993-1994 წლებში კი – სააქციო კომერციული ბანკ „კრწანისის” გამგეობის საბჭოს თავმჯდომარე.
1994-1995 წლებში საქართველოს შემნახველი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა, მოგვიანებით – მისი პრეზიდენტი და „ახალი ქართული ბანკის” დირექტორი. 1995-1996 წლებში ის „გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეა, 1996-1999 წლებში კი – „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
1999-2000 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ხოლო 2000-2001 წლებში – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.
2001-2004 წლებში საქართველოს „გადამხდელთა კავშირის“ თანათავმჯდომარეა.
იყო 2003 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი.
2003-2004 წლებში ტელეკომპანია „მზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2004 წლიდან იგი ბიზნესშია.
2006 წელს ივანე ჩხარტიშვილის ინიციატივით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოსთან შეიქმნა „ქართული საგალობლისა და ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, რომელმაც მიზნად დაისახა ქართული საეკლესიო გალობის, ქართული ხალხური სიმღერებისა და მუსიკალური საკრავების შესწავლისა და სწავლების ხელშეწყობისათვის რეგენტებისა და ლოტბარების მოსამზადებელი უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის დაფუძნება. ივანე ჩხარტიშვილი მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს სასწავლებელს და ასევე უნიშნავს ხელფასს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ბრუნდებიან რაიონებში და საეკლესიო გალობასა და ხალხურ სიმღერას ასწავლიან ახალ თაობას.

Share Button