მიღება

ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N92/ნ ბრძანებით დამტკიცებული “მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის“ შესაბამისად.

 

ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი

 

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში“ (შემდეგში – უმაღლესი სასწავლებელი) საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდეგში – საგანმანათლებლო პროგრამა) სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის უფლების მქონე პირი

ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.

 მუხლი 3. ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული უმაღლესი სასწავლებლის შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის  ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;

  1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:
  • საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა – (გამოცდის ფორმა-ზეპირი);
  • მუსიკის თეორია – (გამოცდის ფორმა – წერა-ზეპირი);
  • საქართველოს ისტორია – (გამოცდის ფორმა – ზეპირი);
  • ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) – (გამოცდის ფორმა – გასაუბრება).
  1. შიდა გამოცდების პროგრამები, რეგლამენტი და თარიღი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის რექტორის აქტით;
  2. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და შედეგების შეფასების მიზნით უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე რექტორის აქტით იქმნება შესაბამისი საგნობრივი საგამოცდო კომისიები;
  3. თითოეული შიდა გამოცდა ფასდება 100-ქულიანი სისტემით. დადებით შეფასებად ითვლება 51 ქულა და მეტი;
  4. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის, ან წინა გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე აბიტურიენტი არ დაიშვება;
  5. გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება ეძლევა ეს გამოცდა ჩააბაროს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა;
  6. საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ადგილების ქვოტის შესაბამისად – მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. თანაბარი საგამოცდო შედეგების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საეკლესიო გალობასა და ხალხურ სიმღერის გამოცდაში მიღებულ შეფასებას; ხოლო ამ საგანშიც თანაბარი ქულების შემთხვევაში აბიტურიენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები კომისია.

 

      მუხლი 4. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში  მიღებული     შედეგები

 უმაღლესი სასწავლებელი ეყრდნობა აბიტურიენტის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან წარმოდგენილ ამონაბეჭდს, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულა.

მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

 უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება დაწესებულებასა და აბიტურიენტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

  1. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა დგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი და მისი გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში;
  2. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

 

 

 

 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით;

 

დამტკიცებულია:

ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“

რექტორის 2014 წლის 01 სექტემბრის № ო/09 ბრძანებით

 

ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი

 მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში“ (შემდეგში – უმაღლესი სასწავლებელი) საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდეგში – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა) სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირი

 ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

 მუხლი 3. სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, ამ წესით განსაზღვრული შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით;

  1. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:

ა)ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია – გასაუბრება;

ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) – გასაუბრება;

გ) უცხო ენა – (გასაუბრება).

  1. შიდა გამოცდების პროგრამებს, ჩატარების ფორმასა და თარიღს განსაზღვრავს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი აქტით;
  2. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და მათი შედეგების შეფასების მიზნით, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე რექტორის აქტით იქმნება შესაბამისი საგნობრივი საგამოცდო კომისიები;
  3. თითოეული გამოცდა ფასდება 100 ქულიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას;
  4. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატი არ დაიშვება;
  5. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება მიმღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული ადგილების რაოდენობის შესაბამისად – მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. თანაბარი საგამოცდო შედეგების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიის გამოცდაში მიღებულ შეფასებას; ხოლო ამ საგანშიც თანაბარი ქულების შემთხვევაში აბიტურიენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები კომისია.

 

მუხლი 4. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ხდება შიდა სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე;

  1. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ;
  2. უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება სასწავლებელსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
  3. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი სასაწავლებლის მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 5 ოქტომბრამდე იგზავნება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესმა სასწავლებელმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ყოველი წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს  სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით;
  4. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი – მაგისტრანტი.

 

 

 

Share Button