მისია

ა(ა)იპ -მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  –  გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მისია

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის (შემდგომში – სასწავლებელი) მისია ეფუძნება ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენისა და სტუდენტთა პროფესიული და ჰარმონიული აღზრდის მაღალი სტანდარტის პრინციპებს. იგი მოწოდებულია, წამყვანი როლი შეასრულოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის საყოველთაო აღორძინებასა და დამკვიდრებაში. ამისათვის სასწავლებელი მოწოდებულია, მოამზადოს შესაბამისი მაღალი კომპეტენციის კადრები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.

სასწავლებლის მნიშვნელოვანი ამოცანაა მართლმადიდებლური საეკლესიო მუსიკისმცოდნეობისა და მხატვრულ-მეთოდური მოღვაწეობის საშუალებით ქართული კულტურის გამორჩეული ფენომენის — საეკლესიო გალობისა და ტრადიციული მუსიკის ფუნდამენტური შესწავლა და მსოფლიო კულტურულ სივრცეში პოპულარიზაცია/ინტეგრაცია. ამ მიზნისთვის სასწავლებელი, თანამედროვე ტექნიკური, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით, ქმნის  სწავლის/სწავლებისა და კვლევის ოპტიმალურ პირობებს.

სასწავლებელი ასევე ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებისთვის მზაობაზე, რაც გამოიხატება როგორც სწავლის პერიოდში სტუდენტთა შორის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებასა და წახალისებაში,  აგრეთვე – კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობაში.

როგორც სწავლა/სწავლების, აგრეთვე კვლევით საქმიანობაში სასწავლებლის ძირითადი პრიორიტეტებია:

  • პიროვნული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება ცოდნისა და პრაქტიკული ჩვევების განვითარებით,
  • ორიენტაცია სტუდენტის აკადემიურ და პიროვნულ მოთხოვნილებებზე,
  • მაღალი პასუხისმგებლობა,
  • სამართლიანობა

სასწავლებელი აგრეთვე ზრუნავს სტუდენტებსა და თანამშრომლებში მართლმადიდებლური ზნეობის პრინციპების, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე.

Share Button