წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“
წ ე ს დ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესდების რეგულირების სფერო

ეს წესდება განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – “მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ სტატუსს, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოების ფუნქციებს, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, ქონებასა და ფინანსებს, წესდებაში ცვლილების შეტანის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს.

მუხლი 2. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი

  1. უმაღლესი სასწავლებლის სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  2. უმაღლესი სასწავლებლის სახელწოდებაა – ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“ (შემდგომში – უმაღლესი სასწავლებელი; შემოკლებული სახელწოდება – „გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“);
  3. უმაღლესი სასწავლებელი არ არის წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირი;
  4. უმაღლესი სასწავლებელი იქმნება განუსაზღვრელი ვადით;
  5. უმაღლეს სასწავლებელს აქვს ოფიციალური ბეჭედი, ლოგო, საბანკო ანგარიში;
  6. უმაღლესი სასწავლებლის დღესასწაულია გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღე – 10 ივლისი;
  7. უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ენა არის ქართული;
  8. უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, სანდრო ეულის ქ.N3;
  9. უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალური ელექტრონული მისამართია: saeklesiomusika@mail.com;
  10. უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია თავისი სახელით მონაწილეობდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, გამოვიდეს საპროცესო მხარედ ან მესამე პირად სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

მუხლი 3. უმაღლესი სასწავლებლის დამფუძნებელი და მისი უფლებამოსილება

1. უმაღლესი სასწავლებლის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია – იგივე „საქართველოს საპატრიარქო“ (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი №1, გადასახადის გადამხდელის ნომერი – 204395537), რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება);
2. დამფუძნებელს წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II (სამოქალაქო სახელი – ირაკლი შიოლაშვილი; დაბადების თარიღი-04.01.1933; მისამართი: ქ.თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი №1; პირადი ნომერი – 01015004723);
3. დამფუძნებელი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას;
4. დამფუძნებელი ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის წესდებას;
5. დამფუძნებელი ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ ბიუჯეტს;
6. დამფუძნებლის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.

მუხლი 4. უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების ორ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა);
2. უმაღლესი სასწავლებელი შეიძლება ეწეოდეს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით და რომელიც შეესაბამება „კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“, ეკლესიის ავტორიტეტსა და უმაღლესი სასწავლებლის მიზნებს;
3. უმაღლესი სასწავლებელი მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესის, ამ წესდებისა და მათ საფუძველზე გამოცემული შიდა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 5. უმაღლესი სასწავლებლის მიზნები და ამოცანები

1. უმაღლესი სასწავლებლის მიზანია:
1.1. რწმენისა და ცოდნის სინთეზზე, განათლების უწყვეტობასა და მემკვიდრეობითობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობა, რომელიც ემსახურება საზოგადოების ორიენტაციას ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) ღირებულებებზე;
1.2. ქართული ტრადიციული მგალობელ-მომღერლებისა და საეკლესიო მუსიკისმცოდნეების მომზადება, მათი საშემსრულებლო და სამეცნიერო დონის ამაღლება, მრავალსაუკუნოვანი სამგალობლო ტრადიციების აღდგენა;
1.3. პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის;
1.4. ქართული გალობა-სიმღერის ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა და განვითარება;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფს:
2.1. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
2.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;
2.3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას;
2.4. შესაბამისი აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მინიჭებას.
თავი II. უმაღლესი სასწავლებლის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 6. უმაღლესი სასწავლებლის მართვის ორგანოები და სტრუქტურა

1. უმაღლესი სასწავლებლის სტრუქტურა და მართვის ორგანოები განისაზღვრება ამ წესდებით;
2. უმაღლესი სასწავლებელი შედგება სამეთვალყურეო საბჭოს, რექტორის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ადმინისტრაციის, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისგან: კანცელარიისა და საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის სამდივნოსგან;
3. უმაღლესი სასწავლებლის მართვის ორგანოები და მმართველი სუბიექტები არიან: სამეთვალყურეო საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. მართვის ორგანოებს შორის კომპეტენციები ნაწილდება ამ წესდებით;
4. უმაღლესი სასწავლებლის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის მართვის ორგანო და მმართველი სუბიექტია ფაკულტეტის საბჭო და დეკანი;
5. უმაღლესი სასწავლებლის სხვა სტრუქტურული ერთეულები, აგრეთვე ზემოთ მითითებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი, განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის წესდებით, რექტორის შიდა სამართლებრივი აქტითა და მის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით;
6. მართვის ორგანოების წევრთა (თანამდებობის პირთა) თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება რეგულირდება ამ წესდებით;

მუხლი 7. სამეთვალყურეო საბჭო
1. უმაღლესი სასწავლებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო;
2. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით;
3. სამეთვალყურეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და ორი წევრისგან:

• თავმჯდომარე – ივანე ჩხარტიშვილი (პირადი ნომერი 01025003134; მისამართი- ქ.თბილისი, მცხეთის ქ. 1-ლი შეს., 1-ლი ჩიხი, №13; დაბადების თარიღი- 30.01.1964წ.);
• წევრი – სესილი გოგიბერიძე (პირადი ნომერი 01018000068; მისამართი – ქ.თბილისი, თარხნიშვილის №9; დაბადების თარიღი-01.12.1961წ.);
• წევრი – ალექსანდრე თორაძე (პირადი ნომერი 01017002186; მისამართი – ქ.თბილისი, თორაძის ჩიხი №3; დაბადების თარიღი – 30.05.1952წ.)

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
5. სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება დანიშვნიდან არაუგვინეს 10 დღისა;
6. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – ერთერთი წევრი) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი;
7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც და ყოველი წლის დეკემბერში არაუგვიანეს 20 რიცხვისა;
8. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა;
9. სამეთვალყურეო საბჭო:
9.1. თვალყურს ადევნებს უმაღლესი სასწავლებლის სახსრებისა და ქონების მიზნობრივ გამოყენებას;
9.2. აკონტროლებს და ამოწმებს უმაღლესი სასწავლებლის ფინანსურ დოკუმენტაციასა და წლიურ ანგარიშებს;
9.3. შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
9.4. მონაწილეობს დაწესებულების საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს, ამტკიცებს საშტატო განრიგს;
9.5. განიხილავს რექტორის მიერ წარდგენილ უმაღლესი სასწავლებლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელს;
9.6. განიხილავს შემოსულ წინადადებებს/საჩივრებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
9.7. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს-დადგენილებებს;

მუხლი 8. უმაღლესი სასწავლებლის რექტორი
1. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
2. რექტორის უფლებამოსილება განისაზღვრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებითა და ამ წესდებით;
3. რექტორი არის სასწავლებლის უმაღლესი თანამდებობის პირი;
4. რექტორი უფლებამოსილია უმაღლესი სასწავლებელი წარმოადგინოს ერთპიროვნულად;
5. ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რექტორი უფლებამოსილია:
5.1. კოორდინირება გაუწიოს უმაღლესი სასწავლებლის ყოველდღიურ აკადემიურ, სამეცნიერო, ფინანსურ-ეკონომიკურ, ტექნიკურ და ამ წესდებით განსაზღვრულ ყველა სხვა საქმიანობას;
5.2. უმაღლესი სასწავლებლის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგებისა და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
5.3. დაამტკიცოს საგანმანათლებლო პროგრამები;
5.4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შეიმუშაოს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს უმაღლესი სასწავლებლის საშტატო განრიგი;
5.5. სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მომავალი წლის ბიუჯეტი;
5.6. დაამტკიცოს უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესი და სტრუქტურული ერთეულების დებულებები;
5.7. განსაზღვროს და დაამტკიცოს უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა სტრუქტურული ერთეულები და მათი საქმიანობის წესი;
5.8. სტუდენტებზე გასცეს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები;
5.9. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური, პედაგოგიური და ადმინისტრაციული პერსონალი;
5.10. განიხილოს საჩივრები უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი ზომები;
5.11. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების და აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით;
6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
7. რექტორის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მუხლი 9. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მართავს უმაღლეს სასწავლებელს ფინანსურ, მატერიალურ და ადმინისტრაციულ სფეროში;
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე;
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით;
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
5.1. ხელმძღვანელობს უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას;
5.2. უმაღლესი სასწავლებლის სახელით, რექტორთან ერთად, მისი ბიუჯეტის შესაბამისად დებს ფინანსურსა და ეკონომიკურ გარიგებებს;
5.3. კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს უმაღლესი სასწავლებლის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს უმაღლესი სასწავლებლის რექტორს;
5.4. ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
5.5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს უმაღლესი სასწავლებლის დამხმარე პერსონალს;
5.6. გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
5.7. პასუხს აგებს უმაღლესი სასწავლებლის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
მუხლი 10. უმაღლესი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და მისი ხელმძღვანელი
1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და ავტორიზაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით;
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი;
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებითა და უმაღლესი სასწავლებლის სხვა სამართლებრივი აქტებით;
4. ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად უმაღლესი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ხელს უწყობს და უზრუნველყოფს:
4.1. შიდა და გარე შეფასების პროცედურების კოორდინაციას, რომელთა მიზანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
4.2. უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვასა და რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენას;
4.3. უმაღლეს სასწავლებელში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და კვლევის შეფასების წესების შემუშავებას და რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენას;
4.4. რეკომენდაციების წარდგენას საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისთვის და ფაკულტეტის დეკანისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის შესახებ, მათი ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის საფუძველზე;
4.5. თვითშეფასების კითხვარის შემუშავებას და აღნიშნული კითხვარის ანალიზის საფუძველზე, რეკომენდაციების წარდგენას უმაღლესი სასწავლებლის ფაკულტეტის წინაშე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
4.6. სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (კრედიტები, მოდულები და ა.შ.) დანერგვის ორგანიზებას;
4.7. კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის კურიკულუმის შემუშავებასთან და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;
4.8. უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენას ავტორიზაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარდგენას ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;
4.9. ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
4.10. თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მუხლი 11. საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტი
1. საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტი არის უმაღლესი სასწავლებლის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სამეცნიერო კვლევებს და უზრუნველყოფს საშემსრულებლო საქმიანობას;
2. საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის მიზანია პრაქტიკული ხასიათის საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევებზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეების – ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება, აგრეთვე პედაგოგიური კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
3. ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:
3.1. ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის შესაბამისი პროგრამებისა და კურიკულუმის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
3.2. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მუშაობის კოორდინირება;
3.3. სტუდენტების კულტურულ-ზნეობრივი მოთხოვნილებებისა და მუსიკალურ-ინტელექტუალური შემოქმედებითი ნიჭის განვითარება;
3.4. მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასმული მიზნების მიღწევას;
4. ფაკულტეტის უფლებამოსილება:
4.1. ცოდნის მისაღებად სათანადო პირობების შექმნა, სასწავლო პროცესის წარმართვა და კოორდინირება;
4.2. საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლი;
4.3. პროფესორ – მასწავლებელთა სასწავლო დატვირთვების მონიტორინგი;
4.4. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მონიტორინგი;
4.5. სტუდენტთა უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით.
მუხლი 12. საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის სტრუქტურა
1. ფაკულტეტის მართვის ორგანო და მმართველი სუბიექტია ფაკულტეტის საბჭო და დეკანი;
2. ფაკულტეტს ჰყავს მდივანი. მდივნის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით;
3. ფაკულტეტის საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულია კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედის სახელოსნო და სხვა სტრუქტურული ერთეული (კათედრების, სახელოსნოებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების რაოდენობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს რექტორი შიდა სამართლებრივი აქტით).
მუხლი 13. საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის დეკანი
1. ფაკულტეტს მართავს დეკანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი;
2. ფაკულტეტის დეკანი:
2.1. უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ეფექტურად მიმდინარეობას;
2.2. კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია რექტორისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
2.3. კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
2.4. თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
2.5. კომპეტენციის ფარგლებში სწრაფ რეაგირებას ახდენს ყველა დისციპლინურ დარღვევაზე და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს;
2.6. ახორციელებს უმაღლესი სასწავლებლის შიდა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 14. ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის მართვას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო;
2. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან – დეკანისა და აკადემიური პერსონალის 6 წარმომადგენლისგან. საბჭოს წევრებს დეკანის წარდგინებით ამტკიცებს რექტორი;
3. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება ფაკულტეტის საბჭოს წევრთა დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა;
4. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს დეკანი, რომლის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით;
5. ფაკულტეტის საბჭო:
5.1. შეიმუშავებს და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
5.2. შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
5.3. შეიმუშავებს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს;
5.4. განიხილავს ფაკულტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების სასწავლო- შემოქმედებით, სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიშს;
5.5. შეიმუშავებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;
5.6. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ისმენს დეკანის ანგარიშს ფაკულტეტზე გაწეული მუშაობის შესახებ;
5.7. განიხილავს და ამტკიცებს დეკანის მიერ წარმოდგენილ ფაკულტეტის ყოველწლიურ სამუშაო გეგმასა და ანგარიშს;
5.8. შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას;
5.9. ანიჭებს სტუდენტებს კვალიფიკაციას;
5.10. ახორციელებს უმაღლესი სასწავლებლის შიდა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
6. ფაკულტეტის საბჭოს მიმდინარე სამუშაოებსა და საქმისწარმოებას ახორციელებს მდივანი, რომელიც აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს პირველ სხდომაზე მისი წევრებიდან ღია კენჭისყრით;
7. ფაკულტეტის საბჭოს შეუძლია ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლების დელეგირება კათედრებზე და სხვა სტრუქტურულ ერთეულებზე;
8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება სათათბირო ხმის უფლებით აქვს ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. სხდომებზე სხვა პირების დასწრების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო;
9. ფაკულტეტის საბჭოს წევრი, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ავტომატურად კარგავს საბჭოს წევრობის უფლებას. მის ნაცვლად დეკანი რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური პერსონალის სხვა წარმომადგენელს;
10. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები ტარდება თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა;
11. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა;
12. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონითა და უმაღლესი სასწავლებლის შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
13. ფაკულტეტის საბჭოს ყოველი სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
14. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი;
თავი III. უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი
მუხლი 15. უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი
1. უმაღლეს სასწავლებელში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები;
2. უმაღლეს სასწავლებელში პერსონალის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი რეგულირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის, ამ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შემუშავებული შესაბამისი აქტებით.
მუხლი 16. უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი
1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისგან;
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი;
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო, შემოქმედებით და სამეცნიერო-კვლევით პროცესს;
4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო და ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ამტკიცებს რექტორი.

მუხლი 17. აკადემიური თანამდებობის დაკავების პროცედურა

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება უმაღლეს სასწავლებელსა და აკადემიურ პერსონალს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირის მონაცემებს და აკადემიურ თანამდებობასთან თავსებადობას განსაზღვრავს რექტორი ამ მიზნით შექმნილი კომისიის რეკომენდაციით;
3. უმაღლესი სასწავლებლის რექტორს უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება;
4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.
მუხლი 18. უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს კომპეტენციის შესაბამისად უფლება აქვს:
1.1. განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
1.2. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსები) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
1.3. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
2.1. დაიცვას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი, უმაღლესი სასწავლებლის წესდებისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
2.2. შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

მუხლი 19. უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
1.1. პირადი განცხადება;
1.2. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
1.3. უმაღლესი სასწავლებლის სამართლებრივი ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
1.4. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
1.5. უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესით, სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 20. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უმაღლეს სასწავლებელში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
2. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი;
3. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე;
4. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
მუხლი 21. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
1.1. პირადი განცხადება;
1.2. მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
1.3. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
1.4. უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესით, სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

თავი IV. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი
მუხლი 22. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი, უფლებები და ვალდებულებები
1. ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N92/ნ ბრძანებით დამტკიცებული “მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის“ შესაბამისად, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით;
2. პირს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე;
3. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
4. სტუდენტს უფლება აქვს:
4.1. მიიღოს ხარისხიანი განათლება;
4.2. მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში;
4.3. დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
5. უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
6. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
6.1. აკადემიური შვებულება, რომელიც შეიძლება მიეცეს ზედიზედ არა უმეტეს ხუთი წლის ვადით;
6.2. პირადი განცხადება (საპატიო საფუძვლების არსებობისას);
6.3. უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესით, სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება უფლება-მოვალეობებისაგან.
8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
8.1. პირადი განცხადება;
8.2. უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესით, სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
9. სტუდენტი ვალდებულია:
9.1. დაიცვას ქრისტიანული (მართლმადიდებლური) მოძღვრება;
9.2. შეასრულოს უმაღლესი სასწავლებლის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნები;
9.3. შეასრულოს ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის (მასწავლებლის) დავალებები;
9.4. გაუფრთხილდეს უმაღლესი სასწავლებლის ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა;
9.5. წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე (თვითნებურად) არ მიატოვოს სასწავლო პროცესი;
9.6. დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ წესდებით, უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესითა და შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 23.უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული;
2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უმაღლესი სასწავლებლის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას;
3. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
3.1. წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;
3.2. დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; წარადგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
3.3. მოითხოვოს, რომ მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
4. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს. კანონმდებლობის წესების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია;
5. დისციპლინის დარღვევისათვის სტუდენტის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
5.1. გაფრთხილება;
5.2. სასტიკი საყვედური;
5.3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;
5.4. უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.
6. სტუდენტს უფლება აქვს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური ღონისძიებების დაკისრების თაობაზე გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V. უმაღლესი სასწავლებლის ქონება და დაფინანსება
მუხლი 24. უმაღლესი სასწავლებლის ქონება
1. უმაღლესი სასწავლებლის ქონება შედგება მისთვის საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა პირების მიერ გადაცემული, აგრეთვე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან;
2. უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ქონებრივი, აგრეთვე პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს ვალდებულებები;
3. უმაღლესი სასწავლებელი დამფუძნებელთან შეთანხმებით უფლებამოსილია:
3.1. გაასხვისოს ან დატვირთოს უძრავი ქონება;
3.2. მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები უმაღლესი სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

მუხლი 25. უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსება
1. უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია:
1.1. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული სახსრები;
1.2. ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავლები;
1.3. გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
1.4. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
მუხლი 26. ეკონომიკური საქმიანობა
სამეწარმეო ხასიათის საქმიანობას უმაღლესი სასწავლებლისთვის შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათი და ამგვარი საქმიანობით მიღებული მოგება უნდა მოხმარდეს უმაღლესი სასწავლებლის მიზნების განხორციელებას.

თავი VI. ცვლილებები წესდებაში, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 27. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს დამფუძნებელს.
მუხლი 28. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უმაღლესი სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს დამფუძნებელი;
2. ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნიშნავს სალიკვიდაციო კომისიასა და მის თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს ლიკვიდაციის პროცესს;
3. სალიკვიდაციო კომისიას გადაეცემა უმაღლესი სასწავლებლის მმართველობის ყველა უფლებამოსილება. კომისია ავლენს კრედიტორებს, ფინანსურ ანგარიშს უსწორებს თანამშრომლებს და ადგენს სალიკვიდაციო ბალანსს;
4. უმაღლესი სასწავლებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში ქონება განიკარგება საქრთველოს მოქმედი კანონმდებლობით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II

Share Button