სიახლეები
წარმატებული სტუდენტები
2018 წლის შემოდგომაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრმაშოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიეროფონდისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადა კონკურსი "ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019" მონაწილეთა შესარჩევად. საგულისხმოა, რომ "ზამთრის ქართველოლოგიურ სკოლას" არსებობის ხუთწლიანი ტრადიცია აქვს.
2018 წლიდან იგი საერთაშორისო სტატუსს ატარებს (მონაწილეთა შორის არიან კონკურსანტები იაპონიიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან). მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ნაშრომები საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და მისი დიალექტების, ქართული ლიტერატურის, საქართველოს არქეოლოგიის, ქართული ფოლკლორისა და საქართველოს ეთნოგრაფიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის, ქართული მუსიკის ისტორიის მიმართულებით.

პირველ ეტაპზე გამოცხადებულ ქართველოლოგიურ ნაშრომთა კონკურსში, რომლის უმთავრესი ამოცანა ქართველოლოგიური თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათ შორის პროექტის მონაწილეთა შერჩევაა იყო, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლიდან სამმა სტუდენტმა წარადგინა მოხსენებები. მათ შორის იყვნენ მე-2 კურსის სტუდენტი ანა ლოლაშვილი და მე-4 კურსის სტუდენტები - ნატალია ყველიაშვილი და გიორგი გორდელაძე. სტუდენტენმა ქართველოლოგიური მეცნიერებების ქართული მუსიკის ისტორიის მიმართულებით, ასოცირებულ პროფესორ თამარ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, საკმაოდ საინტერესო თემები მოამზადეს.

კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფმა სკოლაში მონაწილეობის მსურველთა მიერ მიწოდებული მასალა სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით დარგის კომპეტენტურ და მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს დაუგზავნა და ბრმა რეცენზირების შემდეგ გამარჯვებულები გამოავლინა. ჩვენს სტუდენტებს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში მოუხდათ მუშაობა. საბოლოოდ, დაახლოებით 100 ნაშრომიდან უმაღლესი შეფასება 30-მდე მონაწილემ მიიღო, რომელთა შორის გალობის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტები ნატალია ყველიაშვილი და გიორგი გორდელაძე არიან.
პროექტის მეორე ეტაპისათვის ჩვენს სტუდენტებს საკმაოდ საინტერესო და დატვირთული სასწავლო პროგრამა გაიარეს. ისინი ერთი კვირის განმავლობაში დაბინავდნენ ქალაქგარეთ, სასტუმროში, სადაც საგანგებოდ კონკურსის მონაწილეთათვის წარიმართება სალექციო კურსები, რომელთაც უძღვებოდნენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების წამყვანი სპეციალისტები. გაიმართება პირველ ეტაპზე გამარჯვებულთა თემების პრეზენტაცია, დისკუსია. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული გალობის ისტორიის შესახებ წარუდგინეს მოხსენებები: ნატალია ყველიაშვილმა შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონსა და ძველ სამგალობლო ტრადიციებზე ისაუბრა, გიორგი გორდელაძემ კი შემოქმედის სკოლისა და გურული კილოს თავისებურები გააცნო აუდიტორიას.
მეორე ეტაპის ბოლოს პროექტის მონაწილე სტუდენტებს გამორჩეული ნაშრომებისათვის სერტიფიკატები გადაეცათ, განსაკუთრებით საინტერესო მოხსენებისა და პრეზენტაციისთვის კი გიორგი გორდელაძე დაჯილდოვდა ცნობილი ქართველოლოგის - ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მეტად მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ სწავლასა და კიდევ უფრო დიდ წარმატებას.




FaceBook Twitter Google