სიახლეები
ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის უნიკალური მუსიკალური არქივის გაციფრება-დამუშავება იწყება!
სიხარულით გვინდა გაუწყოთ გალობის უნივერსიტეტის უახლესი და უმნიშვნელოვანესი პროექტის შესახებ!

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის უნიკალური მუსიკალური არქივის გაციფრება-დამუშავება იწყება და გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერი სტუდია – „ქართული გალობა“ უზრუნველყოფს სრულად გაციფრებული აუდიოჩანაწერების მონტაჟს, დახარისხებასა და დამუშავებას!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და გალობის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში დაცული ფოლკლორული სიმღერების საექსპედიციო აუდიოჩანაწერების გაციფრება, აუდიომასალებისა და აღწერილობების დამუშავება და კატალოგიზაცია.

მემორანდუმის მთავარი მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციული მრავალხმიანობის საარქივო ნიმუშების დაცვა, პოპულარიზაცია და მასალებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ამ წამოწყების ფინანსური მხარდამჭერი გახლავთ ფონდი „ქართული გალობა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნი ნანა გოთუა.

მეტად მნიშვნელოვანია გალობის უნივერსიტეტის როლი ამ ეროვნული საქმის განხორციელებაში, კერძოდ კი ხმის ჩამწერი სტუდიის – „ქართული გალობა“, რომელიც 2016/2017 სასწავლო წელს ფონდი „ქართული გალობის" და ფონდის გენერალური დირექტორის, ქ–ნ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით გალობის უნივერსიტეტს გადაეცა. სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ–ამერიკული აპარატურით. მისი ხმის იზოლაცია-აკუსტიკური გამართვა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში სასწავლებლის ხმის ჩამწერი სტუდია „ქართული გალობა“ უზრუნველყოფს სრულად გაციფრებული აუდიოჩანაწერების მონტაჟს, დახარისხებასა და დამუშავებას.

პროექტის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე, რომელმაც უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუთხდით ბსუ-ს რექტორს, ბატონ მერაბ ხალვაშსა და ინსტიტუტის დირექტორს, ბ-ნ როინ მალაყმაძეს გამოცხადებული ნდობისა და თანამშრომლობისათვის.




FaceBook Twitter Google