2014 წლის 2 დეკემბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლის პედაგოგმა, საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსმა, პროფესორმა ანზორ ერქომაიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული სიმღერების უნიკალური აუდიოჩანაწერები“.
ბატონმა ანზორმა თავდაპირველად მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს და სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ვანო ჩხარტიშვილს სასწავლებლის დაარსებისა და ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის შენარჩუნების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა სასწავლებლის ადმინისტრაციის მიმართ საჯარო ლექციების ციკლის დაწყებისათვის და სიამოვნებით აღნიშნა, რომ თვითონ მოუწია პირველი ლექციის ჩატარება.
ბატონმა ანზორმა საინტერესოდ ისაუბრა აუდიოჩანაწერების გაკეთების ისტორიის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა პირველი ფირფიტების ჩაწერა. გაიხსენა, რომ პირველი ფირფიტები, რომლებზეც გურული სიმღერები იყო ჩაწერილი, ბაბუამ, თვითონ გურული სიმღერების შესანიშნავმა შემსრულებელმა, არტემ ერქომაიშვილმა მოასმენინა. შემდეგ მან ისაუბრა, როგორ გაუჩნდა სურვილი, რომ მოეძებნა ქართული სიმღერების პირველი აუდიოჩანაწერები, ამ მიზნით როგორ დადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში, მუზეუმებიდან არქივებში, მელომანებთან და კერძო კოლექციონერებთან და როგორი რუდუნებით აგროვებდა ქართული ფოლკლორის მარგალიტებს. მან მოიძია არა მარტო XX საუკუნის 20-30-იანი წლების, არამედ რევოლუციამდე პერიოდში გამოშვებული ფირფიტები, რომლებზეც ჩაწერილი იყვნენ ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლები: დედას ლევანა, სამუელ ჩავლეიშვილი, სანდრო კავსაძე, ფილიმონ ქორიძე, გიგო ერქომაიშვილის „შვიდკაცა“, ხუხუნაიშვილების ანსამბლი, ასევე უდიდესი ქართველი საოპერო მომღერლის ვანო სარაჯიშვილის და აკაკი წერეთლის აუდიოჩანაწერები. ისაუბრა აგრეთვე იმ სირთულეებზე, რომლებიც ხვდებოდა მას ამ ჩანაწერების მოპოვების და შემდგომი აღდგენა-გასუფთავების პროცესში. დამსწრეებმა მოისმინეს ზოგიერთი უნიკალური ჩანაწერი. საღამომ თბილ და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.