30 მაისს გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა (ხელმძღვანელი: ანა ლოლაშვილი) მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ტრადიციული მუსიკის საღამოზე. ღონისძიება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა. საღამოს უძღვებოდა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ნატალია ზუმბაძე.
გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდთან ერთად ტრადიციული მუსიკის საღამოზე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, რომელთა შორის იყვნენ გალობის უნივერსიტეტის ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები. კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგა გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ (ხელმძღვანელი: ზურაბ წკრიალაშვილი), თელავის წმ. ძმები კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „მზეშინა“ (ხელმძღვანელი: ეკატერინე ყარაულაშვილი), მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „კირიალესა“ (ხელმძღვანელი: ლელა ურუშაძე), სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის სტუდენტთა ჯგუფი (პედაგოგები: უჩა პატარაძე, ლელა ურუშაძე), თამარ ახობაძე, ზურა მამუკელაშვილი (ახმეტა), ანრი ქააძე (ზემო ალვანი).