2014 წლის 1 ოქტომბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სასწავლებლის რექტორმა არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე), რომელმაც ისაუბრა გალობის უმაღლესი სასწავლებლის როლზე ქართული ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
რექტორმა მადლობა მოახსენა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს, საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელს, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს, სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ ვანო ჩხარტიშვილს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნანა გოთუას, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სასწავლებლის განვითარებისა და მრავალსაუკუნოვანი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის შენარჩუნებისათვის.
საზეიმო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბ-ი ვანო ჩხარტიშვილი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ს. ვარდოსანიძე, დასავლეთ ევროპის ეპარქიის იტალიის ქ. ბარის წმ. ნიკოლოზის ტაძრის სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი მოსე (ჭანკვეტაძე), სასწავლებლის პროფესორები ანზორ ერქომაიშვილი და მალხაზ ერქვანიძე, საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის დეკანი თამაზ გაბისონია.
შემდეგ ფაკულტეტის დეკანმა სასწავლებლის კურსდამთავრებულებს: გოდერძი აფციაურს, გოჩა ბიძინაშვილს, გურამ გუნთაძეს, გიორგი ზაქარეიშვილს, ბექა კოვზიაშვილს, გიორგი მანოშვილს, მამუკა სირაძესა და ლაშა ჩხარტიშვილს საზეიმოდ გადასცა საეკლესიო მუსიკის ბაკალავრის დიპლომები და უსურვა მათ შემოქმედებითი წარმატებები.