უენო სალამურის ახალგაზრდა მკვლევარმა თევდორე გოგოლაძემ გალობის უნივერსიტეტს საკუთარი ხელით დამზადებული საკრავები საჩუქრად გადასცა. სტუმარი გალობის უნივერსიტეტის პრორექტორს, პროფესორ თამარ ჩხეიძესა და უნივერსიტეტის დეკანს, ასოცირებულს პროფესორ ზურაბ წკრიალაშვილს შეხვდა.

გალობის უნივერსიტეტის მუსიკალური ინსტრუმენტების ფონდს შეემატა უენო სალამური, ლარჭემი და ნირზის ლარჭემი. უენო სალამური თევდორე გოგოლაძემ სიღნაღელი მესალამურის, ივანე რაიბულის უენო სალამურის მიხედვით დაამზადა და ორიგინალის ზუსტ ასლს წარმოადგენს. ლარჭემი ახალგაზრდა მკვლევარმა 1958 წელს კახი როსებაშვილის მიერ ჩაწერილი ძოკია არონიას ლარჭემის წყობის მიხედვით, ნირზის ლარჭემი კი ამავე წელს ჩაწერილი გერა ქუხილავას ლარჭემის წყობის საფუძველზე დაამზადა.

გალობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის თევდორე გოგოლაძეს განსაკუთრებული საჩუქრებისათვის და წარმატებას უსურვებს ქართული ტრადიციული ინსტრუმენტების კვლევისა და პოპულარიზების საქმეში.