2018 წლის შემოდგომაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადა კონკურსი “ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2019” მონაწილეთა შესარჩევად. საგულისხმოა, რომ “ზამთრის ქართველოლოგიურ სკოლას” არსებობის ხუთწლიანი ტრადიცია აქვს. 2018 წლიდან იგი საერთაშორისო სტატუსს ატარებს (მონაწილეთა შორის არიან კონკურსანტები იაპონიიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან).
პირველ ეტაპზე გამოცხადებულ ქართველოლოგიურ ნაშრომთა კონკურსში, რომლის უმთავრესი ამოცანა ქართველოლოგიური თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათ შორის პროექტის მონაწილეთა შერჩევაა იყო. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლიდან სამმა სტუდენტმა წარადგინა მოხსენებები. მათ შორის იყვნენ მე-2 კურსის სტუდენტი ანა ლოლაშვილი და მე-4 კურსის სტუდენტები – ნატალია ყველიაშვილი და გიორგი გორდელაძე. სტუდენტენმა ქართველოლოგიური მეცნიერებების ქართული მუსიკის ისტორიის მიმართულებით, ასოცირებულ პროფესორ თამარ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, საკმაოდ საინტერესო თემები მოამზადეს.
სტუდენტებს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში მოუხდათ მუშაობა. საბოლოოდ, დაახლოებით 100 ნაშრომიდან უმაღლესი შეფასება 30-მდე მონაწილემ მიიღო, რომელთა შორის გალობის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტები ნატალია ყველიაშვილი და გიორგი გორდელაძე არიან, რომელთაც მეორე ეტაპისთვის საკმაოდ საინტერესო და დატვირთული სასწავლო პროგრამა ელით.
მეორე ეტაპის ბოლოს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები და საჩუქრები, განსაკუთრებით საინტერესო მოხსენებებისა და პრეზენტაციების ავტორები კი დაჯილდოვდებიან ცნობილი ქართველოლოგის – ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მეტად მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ სწავლასა და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მეორე ეტაპზე.