4 ივლისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით  ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

შემაჯამებელ საღამოზე 2023-24 სასწ. წლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა  სალოტბარო ხელოვნების საგნის ფარგლებში მომზადებული ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები წარმოადგინეს. კონცერტზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და სამგალობლო სკოლის მრავალფეროვანი ნიმუშები.

გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, მომავალი ლოტბარ-რეგენტების ნაშრომის წარდგენას ფართო აუდიტორიის წინაშე და ტრადიციული მუსიკალური ნიმუშების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

საანგარიშო კონცერტზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, რომლებიც, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის გავრცელებას ემსახურებიან.