7 დეკემბერს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტები სოფელ ართანაში კახური სიმღერის დიდოსტატის – ანდრო სიმაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ანდრო სიმაშვილი თვითნასწავლი ლოტბარი, ართანული სიმღერების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი იყო. სახელოვან მომღერალს მიღებული აქვს ღირსების ორდენის ჯილდო, ფოლკლორის ეროვნული პრემია და ფონდი „ქართული გალობის“ მიერ დაწესებული წოდება – „ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე“.
სტუდენტებს სახლ-მუზეუმში მომღერლის შვილმა – ავთო სიმაშვილმა და ანსამბლ „ართანას“ (ანსამბლი, რომელსაც ანდრო სიმაშვილი ხელმძღვანელობდა) წევრმა ლექსო ხანჯალიაშვილმა უმასპინძლეს. სტუდენტებმა მათგან ანდრო სიმაშვილის შესახებ საინტერესო ამბები მოისმინეს, მისი კუთვნილი ნივთები დაათვალიერეს და ანსამბლ “ართანას” გამორჩეულ სოლისტთან – ლექსო ხანჯალიაშვილთან ერთად სიმღერაც შეასრულეს.