ქალაქ ქუთაისში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელსა და ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქუთაისის მერს ქალაქის მუნიციპალიტეტში შეხვედნენ, სადაც მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შემდეგ ღონისძიებამ მეორე სამუსიკო სკოლის დარბაზში გადაინაცვლა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ გალობის უნივერსიტეტის პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი თამარ ჩხეიძე და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი დონაძე. მათ საინტერესო მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს ორი მუსიკალური ნომერი რის შემდეგაც დარბაზში არსებულ მონიტორზე გაეშვა ფილმი გალობის უნივერსიტეტის შესახებ.
უნივერსიტეტის პედაგოგებმა, ასისტ. პროფ. ტატიანა მეგრელიძემ და ასოც. პროფ. ზურაბ წკრიალაშვილმა გაერთიანების წარმომადგენლებისთვის ჩაატარეს ვორქშოპი სიმღერა-გალობის პრაქტიკული სწავლების მიმართულებით.