გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ახალ მისამართზე სულ მალე გადავა. გ. ჩუბინაშვილის ქ. №49-ში მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, სადაც გალობის უნივერსიტეტი გააგრძელებს ფუნქციონირებას. ჩუბინაშვილის ქუჩაზე იქნება ქართული ტრადიციული მუსიკის კერა, სადაც გალობის უნივერსიტეტთან ერთად, ბინას სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ და სახელმწიფო კამერული გუნდი დაიდებს.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია; ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ადგილზე გაეცნენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა და პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ.
გ. ჩუბინაშვილის ქ. №49-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან საგანმანათლებლო დანიშნულების იყო. ჩვენთვის სასიხარულო და სიმბოლური ფაქტია, რომ ამ ისტორიულ შენობას საგანმანათლებლო ფუნქცია დაუბრუნდება და ამ უნიკალური სივრციდან სწორედ გალობის უნივერსიტეტი გააგრძელებს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის ლოტბარების და რეგენტების, ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევრების აღზრდას.