7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება.
18:00 საათი – ეთნოგრაფიული გამოფენის გახსნა
19:00 საათი – ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია
19:30 საათი – კონცერტის დასაწყისი
დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები – ეთნოგრაფიული მასალა, მკვლევართა ჩანაწერები და არქეოლოგიური არტეფაქტები;
აჭარის ტურიზმის დეპატრამენტი წარადგენს ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციას; ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალურ კონცეფციასა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალურ გეგმას მოიცავს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს;
სცენაზე გაცოცხლდება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები, რომლებიც დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არქივებში. აგრეთვე, საღამოზე წარმოდგენილი იქნება ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები.
საღამო ტარდება „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში.
2017 წლიდან გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ხორციელდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს რეგიონებში არსებულ ანსამბლებთან ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშაონ. პროექტის ეს ფორმატი საარქივო ჩანაწერებიდან რეგიონებში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების დაბრუნებას ითვალისწინებს. ანსამბლ „ჭვანასთან“ (ხელმძღვანელი ტარიელ ბოლქვაძე) მუშაობდნენ: ნათია აზარაშვილი, ნინო რეხვიაშვილი, ილია ხვიჩია და გიორგი ჯოლბორდი. კონცერტი ამ ფორმატით პირველად მიმდინარე წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა. პროექტის მეორე ეტაპზე ანსამბლის კონსულტანტია ფონდ „ქართული გალობის“ წარმომადგენელი ზემო აჭარაში, ლოტბარი გურამ გუნთაძე. პროექტის ხელმძღვანელია ნინო რაზმაძე.
ანსამბლი „ჭვანა“, რომელსაც დღეს ტარიელ ბოლქვაძე ხელმძღვანელობს, მისივე ინიციატივით 2015 წელს შეიქმნა იმ დროს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ბ-ნ ვახტანგ ბერიძის ხელშეწყობით. ანსამბლის პირველი ხელმძღვანელი ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი, ლოლიტა სურმანიძე გახლდათ ორი წლის განმავლობაში. ახლადშექმნილი ჯგუფის მთავარი მიზანი ადგილობრივი სასიმღერო ტრადიციის აღდგენა იყო.
ღონისძიების ორგანიზატორები:
• საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“
• გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი
• შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი
• აჭარის მუზეუმი
• აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
მხარდამჭერები:
• აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• ქ. ბათუმის მერია
• თსკ-ის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი
• თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
• ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
• საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
• TV25