10 ნოემბერს გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართული ტრადიციული სამგალობლო სკოლის ერთ-ერთ კერას – გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ.
XIX საუკუნეში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აღსრულების აკრძალვამ ქართული სამგალობლო ხელოვნების არსებობა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა, რის გამოც სამგალობლო სკოლების ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია და დაკარგულად ითვლება. ასეთ სამგალობლო ტრადიციას მიეკუთვნებოდა გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის სამგალობლო სკოლაც, რომელსაც დღესდღეობით, საბედნიეროდ, ეს საფრთხე აღარ ემუქრება. გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ბიძინაშვილმა, სამაგისტრო ნაშრომზე „გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის საგალობო სკოლა“ (ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე) მუშაობისას შეისწავლა უახლესი კვლევებით აღმოჩენილი იოანე ნათლისმცემლის მონასტრის სამგალობლო ტრადიციის კრებული (1842 წლით დათარიღებული ანდრია მრევლიშვილის ხელნაწერი), რის შედეგადაც ნათლისმცემლის მონასტრის სამგალობლო სკოლის დამოუკიდებლად არსებობა დადასტურდა.
გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის სამგალობლო სკოლის ნიმუშები ღვთისმსახურებაში თითქმის 2-საუკუნიანი წყვეტის შემდეგ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა პირველად ააჟღერეს, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ნათლისმცემლის სამგალობლო ტრადიციის საღვთისმსახურო პრაქტიკაში კვლავ დამკვიდრებისათვის.

ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო უნივერსიტეტის თვითმმართველობა.