„გორდელაძეების მომღერალი ოჯახი” – ასე ჰქვია ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით გამოცემულ ახალ აუდიოალბომს, რომლის პრეზენტაცია 19 მაისს, გალობის უნივერსიტეტში გაიმართა.
პროექტი განხორციელდა ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორის, ნანა გოთუას ინიციატივითა და ხელშეწყობით. აუდიოალბომი, რომელიც გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაიწერა აგრძელებს საოჯახო მუზიცირების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
პირველი აუდიოალბომის გამოცემა გორდელაძეების ოჯახს მიულოცა ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა, გურული სიმღერის დიდოსტატმა ტრისტან სიხარულიძემ, ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და გურიის სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია და ოზურგეთის კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე.
აუდიოალბომში „გორდელაძეების მომღერალი ოჯახი“ – შესულია ძველი და ახალი გურული ხალხური სიმღერები, რომლებსაც ანსამბლის წევრები-დედა და რვა შვილი ასრულებენ. ალბომის პრეზენტაციაზე ფონდ „ქართული გალობის“ სპეციალური ჯილდო „მადლიერების ჩიტი“ ფონდის დირექტორმა, ნანა გოთუამ, ნათია ღაჟონიას, და-ძმა გორდელაძეების დედას გადასცა.