საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გალობის უნივერსიტეტმა, ტრადიციულად, სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს აღნიშნა. უკვე რამდენიმე წელია, რაც 26 მაისს გალობის უნივერსიტეტი აღნიშნულ რეგიონში ხვდება და საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში.
სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, ნიქოზში იმყოფებოდნენ გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა.
26 მაისს ნიქოზში გალობის უნივერსიტეტის სტუმრობა ატარებს სიმბოლურ მნიშვნელობასაც. მასში ხაზგასმულია ქართული კულტურის, მუსიკისა და სულიერების უწყვეტობა და მტკიცე კავშირი ჩვენს მიწასთან, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთანაც, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის, ქართული კულტურული ერთიანობის განუყოფელი ნაწილია.
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო საღვთისმსახურო ლიტურგია აღევლინა, რომელშიც ადგილობრივ გუნდთან (ხელმძღვანელი – გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ფონდი “ქართული გალობის” წარმომადგენელი ნიქოზში: ნიკოლოზ ნებიერიძე) ერთად გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტაძრის ეზოში მცირე კონცერტი გაიმართა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები წარუდგინეს შეკრებილ საზოგადოებას.
დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ფრონტი და მეზობლების“– ჩვენება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეძღვნება. დოკუმენტური ფილმი მოიცავს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიერ გადაღებულ რეალურ კადრებს. ფილმი აგვისტოს ომის დროს სოფელ ნიქოზის მოსახლეობის მდგომარეობას, მათ განცდებს, ტკივილს და რწმენას აცოცხლებს. დოკუმენტური მასალა მოიცავს სამონასტრო კომპლექსის დაბომბვასაც, რომელსაც 7 სასულიერო პირი სასწაულებრივად გადაურჩა. მეუფე ისაიას ფილმის ჩვენებამ ემოციურად ჩაიარა – მაყურებლები დაბრუნდნენ 2008 წლის ომის პერიოდში და ადგილობრივების თვალით დაინახეს ტრაგიკული მოვლენების სიმძიმე, ომის, რომელშიც მეუფე ისაიას ფილმის რეალურმა გმირებმა, ადამიანებად დარჩენა მოახერხეს.
ფოტო: გიგა ხვიჩია