2024 წლის 11 მარტს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორის, დეკანოზ მიქაელ გალდავას წიგნის „დაუჯდომელი საგალობელი და პარაკლისი ყოველთა წმიდათა მგალობელთა“ პრეზენტაცია გაიმართა.
ლოცვითი შინაარსის წიგნი შედგება სამი ნაწილისგან (დაუჯდომელი საგალობელი, პარაკლისი და შესატყვის წმინდანთა ბიოგრაფიული ცნობები) და ეძღვნება მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ, საეკლესიო წესით კანონიზებულ მგალობლებს.
წიგნის შექმნის იდეა უკავშირდება გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს. სწორედ უნივერსიტეტის მხარდაჭერით მომზადდა გამოცემა, რომლის ანალოგიც ქართულ (და არა მხოლოდ) ლიტურგიკულ სივრცეში დღემდე არ არსებობდა.
გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომლის პროგრამის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა” ფარგლებშიც გამოქვეყნდა აღნიშნული წიგნი.