დღევანდელი დღე, 6 ოქტომბერი, გალობის უნივერსიტეტისთვის ისტორიული დღეა!
დღე, როცა ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარული საზოგადოებრიობის დიდი ხნის ნატვრა ახდა!
2006 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და მომავალ თაობებს აუდიტორიის კარი გაუღო გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესმა სასწავლებელმა!
სასწავლებლის შექმნის სათავეებთან იდგნენ მამადავითის მონასტრის არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) და ქართული ხალხური სიმღერა-გალობის დიდი მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი.
ამ დიდ ეროვნულ საქმეს გვერდით დაუდგა ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარული ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი, რომლის ძალისხმევით და საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კურთხევით შესაძლებლი გახდა ამ ნანატრი სასწავლებლის ჩამოყალიბება.
ბატონი ანზორის ბაბუა – ცნობილი ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი ამბობდა: “მთავრობამ სპეციალური სკოლა უნდა გახსნას, სადაც ახალგაზრდებს მხოლოდ ძველ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს შეასწავლიან”.
გალობის უნივერსიტეტის დაარსებით დიდი ლოტბარის ეს ნატვრა ახდა და აქედან დაიწყო ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საქმე, რასაც სასწავლებელი უკვე 15 წელია პირნათლად ემსახურება!