3 დეკემბერს გალობის უნივერსიტეტში ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება გაიამრთა. სტიპენდია ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად გადაეცემა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აქტიური სამეცნიერო ცხოვრების მქონე სტუდენტებს.

წლევანდელი სტიპენდიატები ფონდის დამფუძნებელმა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნანა გოთუამ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა გიგი გარაყანიძის მეუღლე მაგდა კევლიშვილი შვილთან – ილია გარაყანიძესთან ერთად. სტიპენდიატებს მიღწეული წარმატება გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ, დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ წკრიალაშვილმა, ლალი სეთურიძემ და სვიმონ ჯანგულაშვილმა მიულოცეს. ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის მუსიკალური ნომრით დასრულდა.

2025 წლის სტიპენდიატები არიან: ნინო თავაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამა; შატო კუბათაშვილი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამაგისტრო პროგრამა; გიორგი ვახტანგაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა; ანა თანდილაშვილი – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა.