გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი სათავეს იღებს „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრიდან“, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიერ. სასწავლებელი, რომელიც ქართული საეკლესიო გალობის რეგენტებისა და ხალხური სიმღერის ლოტბარების აღზრდაზე იქნებოდა სპეციალიზირებული, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარული საზოგადოებრიობის დიდი ხნის ნატვრა იყო. ამასთან, საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოების აღორძინების კვალდაკვალ გაჩნდა მოთხოვნილება ასეულობით ტაძარში პროფესიონალური ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილ მგალობელთა მსახურებისა.

სასწავლებლის შექმნის სათავეებთან იდგნენ მამადავითის მონასტრის არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) და ქართული ხალხური სიმღერა-გალობის დიდი მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი. ბატონი ანზორის ბაბუა – ცნობილი ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი ამბობდა: “მთავრობამ სპეციალური სკოლა უნდა გახსნას, სადაც ახალგაზრდებს მხოლოდ ძველ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს შეასწავლიან”. წინაპართაგან ნაანდერძევ ამ ინიციატივას გვერდით დაუდგა ქართული ტრადიციული მუსიკის დიდი გულშემატკივარი, ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი, რომლის ძალისხმევით და საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კურთხევით შესაძლებლი გახდა ამ ნანატრი სასწავლებლის ჩამოყალიბება.

2006 წლის 19 სექტემბერს, სასწავლებლის შენობის კურთხევისას, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: “ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, ვისაც ჩვენ აღვზრდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს, რომელთა მეშვეობითაც მთელი საქართველო ადიდებს უფალს”.

თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სასწავლებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2006 წლის 3 ოქტომბრის #100 ბრძანებით დაფუძნდა. იგი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სიახლოვეს, გაბესკირიას #4-ში მდებარეობდა. სასწავლებლის დეკანად დაინიშნა დეკანოზი ბასილი კიკვაძე (ამჟამად არქიმანდრიტი იოანე), ხოლო კურატორად – ბადრი ბერაია. სასწავლებლის წამყვანი რგოლი თავიდანვე იყო ცნობილი ლოტბარების ანზორ ერქომაიშვილისა და მალხაზ ერქვანიძის სახელოსნოები. 2008-2009 სასწავლო წელს სასწავლებელი თავად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში განთავსდა. ხოლო 2010-2011 სასწავლო წლიდან იგი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბდა და განთავსდა დელისის ქუჩის #9-ში. 2012 წლიდან სასწავლებელს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” შენობაში, სანდრო ეულის #3-ში მე-5 სართული დაეთმო.

უნდა აღინიშნოს სასწავლებელში გამართული სასწავლო პროცესის მხარდაჭერისათვის ივანე ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით სამეთვალყურეო საბჭოს გამორჩეული ზრუნვა – შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სახელფასო ფონდის უზრუნველყოფის გზით.

2014 წელს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გარკვეული რეფორმები განხორციელდა: შეიცვალა ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ნანა გოთუა. შეიცვალა წესდება, ხელახლა დაკომპლექტდა ადმინისტრაციული პერსონალი და ნაწილობრივ – პროფესურა, მოწესრიგდა საქმის წარმოება, ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა. შიდა სტრუქტურული გარდაქმნების შედეგად გალობის უნივერსიტეტმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია. 2014 წლის 25 დეკემბერსა და 2021 წლის 12 ივლისს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ინსტიტუციას მიენიჭა ავტორიზაცია.

2015 წლიდან კი გალობის უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასაც ახორციელებს და ზრუნვას იწყებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების ხარისხის ამაღლებაზე.

2020 წლის 14 მაისის საქართველოს მთავრობის No.816 განკარგულებით, გალობის უნივერსიტეტს უსასყიდლოდ, არსებობის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქ.თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩა No.49 -ში მდებარე უძრავი ქონება (შენობა – ნაგებობა No.1-ის პირველ და მეორე სართულებზე არსებული საერთო ფართი 1800 კვ.მ.). 2024 წლის ბოლოს იგეგმება აღნიშნულ მისამართზე თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ ფართში გალობის უნივერსიტეტის გადასვლა.

2023 წლის დეკემბერში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ – „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს“ ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად შეიცვალა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე გალობის უნივერსიტეტი განახორციელებს ახალ უმაღლეს საგანმანათლებლო  და მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს, აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებსა და საერთაშორისო კვლევებში.

გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმეტესობა მიღებული კვალიფიკაციითაა დასაქმებული, რაც დიდწილად გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. უმაღლესის  მიერ აღზრდილი რეგენტები და ლოტბარები დიდი წარმატებით მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გარდა ამისა, გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წარმატებით გამოდიან სცენაზე და აქტიურად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში.