24-25 დეკემბერს, გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსმა მანანა დეკანოსიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „წიგნი, მწიგნობრობა და ბიბლიოთეკა ციფრულ ეპოქაში“ მოხსენებით – „ნიკიფორე ირბახი და ქართული გამოცემები“. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლისა და დავით გურამიშვილის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ქართული წიგნისა და წიგნიერების შესახებ. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებულ პირველ სტამბებზე და ქართული ბეჭდვითი საქმის განვითარების შესახებ. ღონისძიებაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საბიბლიოთეკო საქმის წინაშე არსებულ გამოწვევები. კონფერენციის მეორე დღე მიეძღვნება სამუშაო შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში არსებული საბიბლიოთეკო პრობლემები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული ვახტანგ VI სტამბის წიგნებისა და დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ხელით გადაწერილი წიგნის გამოფენა.



