მამადავითის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდი, რომელიც საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობის“ წარმომადგენელია და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან შედგება, 15–20 დეკემბერს გასტროლით იტალიაში იმყოფებოდა.
გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბარის ქართულ სამრევლოში აღვლენილ ღვთისმსახურებებში, სადაც ქართული გალობა განსაკუთრებულად ჟღერდა. ღვთისმსახურებები ბარის წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მოსემ (ჭანკვეტაძე), რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (ხელაია) და ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანდრიამ (ლაცაბიძე) აღავლინეს. მნიშვნელოვანი და ემოციური იყო გუნდის მონაწილეობა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს წმინდანის განსასვენებელზე აღსრულებულ ღვთისმსახურებაში. მსახურებას ესწრებოდა ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელი და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გულთბილი შეხვედრა იტალიაში მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან. მამადავითის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია და მსმენელს სამშობლოსთან სულიერი კავშირი კიდევ ერთხელ გაახსენდა.
გულითად მადლობას ვუხდით არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე), რომლის კურთხევითაც მთაწმინდის მამადავითის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდს მიეცა შესაძლებლობა წმ. ნიკოლოზის განსასვენებელზე აღვლენილ ღვთისმსახურებაში მიეღო მონაწილეობა.
მამადავითის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდი 2021 წელს დაარსდა მთაწმინდის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევითა და ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ნანა გოთუას ინიციატივითა და მხარდაჭერით. დაარსებიდან დღემდე გუნდი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკისა და სულიერი კულტურის გავრცელებას სხვადასხვა სივრცეში.