იოენსუუს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტმა მართლმადიდებლური საეკლესიო მუსიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები – გვანცა მაისურაძე, ანა თანდილაშვილი და უნივერსიტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ წკრიალაშვილი მონაწილეობდნენ.
კონფერენცია The International Society for Orthodox Church Music-ის ორგანიზებით ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციას ფინეთმა წელს 10-15 ივნისს უმასპინძლა.
საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარადგინეს საკვლევი თემები, რომლებიც შეეხებოდა შობის რიტუალებს, ალილოს ტრადიციებსა და გლოვის სიმღერებს ქართულ ტრადიციაში. მოხსენებებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მსმენელებში. სამეცნიერო სესიამ, რომელიც ქართულ გალობასა და თეოლოგიას მიეძღვნა, ქართული კულტურის მრავალფეროვნება და თავისებურებები წარმოადგინა საერთაშორისო ასპარეზზე.
გალობის უნივერსიტეტში 2025 წლიდან მოქმედებს შიდა დაფინანსების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციასა და აქტიურ ჩართულობას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შიდა დაფინანსებით მონაწილეობა მიიღონ კონტინენტური ევროპის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო მუსიკოლოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინტერდისციპლინარულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
გვანცა და ანა ამ პროგრამის პირველი მონაწილეები არიან! ვულოცავთ მათ წარმატებულ დებიუტს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!
წარმატებას ვუსურვებთ პროგრამის მომავალ მონაწილეებსაც – გალობის უნივერსიტეტი თქვენთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის!






