გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერმა სტუდიამ „ქართული გალობა“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულების მენეჯერს მანანა ჟღენტსა და მის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, კონსერვატორიის სტუდენტებისათვის სტუდიის მენეჯერმა გიორგი ჯოლბორდმა სტუდენტებს გააცნო ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის სტუდიური ჩაწერის სპეციფიკა.
მასტერკლასის მონაწილეები გაეცნენ მუშაობის ტექნიკურ საკითხებს, ხმის ბალანსსა და მონტაჟის ეტაპებს. ვიზიტის ფარგლებში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ პროცესს – აუდიო ჩაწერის, მიქსინგი-მასტერინგის, დისკის დაპრინტვისა და გადამრავლების სრულ ეტაპებს. მუსიკის ტექნოლოგიის სტუდენტებმა პრაქტიკულად იხილეს გზა, რომელსაც მუსიკალური პროდუქტი გადის ჩაწერიდან საბოლოო, დასრულებული სახის მიღებამდე.
ჩაწერის პროცესში გალობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების მიერ მათი ლექტორების ასოც. პროფესორის ტატიანა მეგრელიძისა და მოწვეული პედაგოგის ეკატერინე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშები. გალობის უნივერსიტეტის ლექტორებმა მასტერკლასის მონაწილეებს ასევე გააცნეს ქართული საგალობლების სტრუქტურა და თავისებურებები.