ა(ა)იპ „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი“ აცხადებს მსმენელთა მიღებას მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქართული ტრადიციული მუსიკა – ლოტბარი/რეგენტი“.
სასწავლო პროგრამაზე მიიღებიან ქართული ტრადიციული მუსიკის თეორიული და პრაქტიკული შესწავლით დაინტერესებული პირები, 18 წლის ასაკიდან ზევით.
კურსზე მიღების წინაპირობაა გასაუბრების გავლა, სადაც მონაწილემ უნდა გამოავლინოს შესაბამისი მუსიკალურ-საშემსრულებლო უნარები/გამოცდილება.
პროგრამის სასწავლო კურსები
სავალდებულო კურსები:
- ქართული ხალხური სიმღერა (პრაქტიკული);
- ქართული საეკლესიო გალობა (პრაქტიკული);
- ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება (თეორიული);
- ქართული საეკლესიო მუსიკის თეორია და ისტორია (თეორიული);
- ხალხური ინსტრუმენტი (არჩევით), (პრაქტიკული);
- სალოტბარო ხელოვნება (შემოქმედებითი პროექტის მომზადება გუნდთან).
არჩევითი კურსები:
- საფერხულო წყობის ცეკვები (პრაქტიკული);
- გაშიფვრა (პრაქტიკული);
- ტექნოლოგია, ციფრული პროგრამები (პრაქტიკული).
პროგრამის მიზნები და ამოცანები
პროგრამის მიზანია, გააფართოვოს მსმენელთა ზოგადი ცოდნა ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ; შეასწავლოს სიმღერა-გალობის პროგრამით განსაზღვრული ახალი რეპერტუარი; მისცეს/გაუღრმაოს ტრადიციულ მუსიკალურ საკრავებზე შესრულების ცოდნა; გაუღრმაოს საშემსრულებლო და სარეგენტო/სალოტბარო უნარ-ჩვევები; პრაქტიკული და თეორიული სწავლების ფორმებით აუმაღლოს ცოდნა ტრადიციული მუსიკის უმთავრესი ჟანრების, შესრულების ფორმების, მუსიკალური კანონზომიერებების და ისტორიული განვითარების გზების შესახებ.
კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ წვდომა საარქივო და თანამედროვე აუდიო მასალაზე, რითაც შეძლებენ შეიძინონ/გაიუმჯობესონ მათი სწორად მოსმენის, გამოყენებისა და გაშიფვრის უნარები. პროგრამაში მონაწილეობა ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტის შემოქმედებით აქტივობებში, კონცერტებსა და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობას. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ანსამბლებისთვის რეპერტუარის განახლებას და სწორად შერჩევას. სასწავლო პროგრამას მოემსახურებიან გალობის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და დანართი სწავლის შედეგებისა და გავლილი საგნების მოკლე აღწერილობით.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე
- მეცადინეობის გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ (2 დღე ადგილზე, 1 დღე შესაძლოა ონლაინ – თეორიული საგნები).
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
რეგისტრაციის ვადა: 27.10.2025 – 7.11.2025
დარეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრება შედგება 10.11. 2025
მისამართი: ზ. ანჯაფარიძის #21, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, სართული 5.
დამატებითი ინფორმაციის, ასევე კურსის საფასურისა და გადახდის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ:
ელ ფოსტაზე: info@galoba.edu.ge
ტელ: +995 593 32 77 79