გალობის უნივერსიტეტისა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით მზადდება ახალი მონოგრაფია, რომელიც ეძღვნება გურული ხალხური სიმღერის გამორჩეულ წარმომადგენელს, ღირსების ორდენოსანსა და სახალხო ანსამბლ „შვიდკაცას“ ხელმძღვანელს – ტრისტან სიხარულიძეს.
გამოცემის იდეა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ფონდი „ქართული გალობის“ თანადამფუძნებელს ნანა გოთუას ეკუთვნის. გამოცემა მიზნად ისახავს გურული პოლიფონიის დიდოსტატის მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.
მონოგრაფიას თან დაერთვება უნიკალური აუდიოალბომი, რომელშიც წარმოდგენილი გურული ხალხური სიმღერების ყველა ხმის პარტია ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულდება. ამ მეთოდით აუდიოალბომის ჩაწერის იდეა გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს – გიორგი გორდელაძეს ეკუთვნის.
ჩაწერა მიმდინარეობს გალობის უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და ფონდი „ქართული გალობის“ აქტიური მხარდაჭერით.
აუდიოალბომში შესული სიმღერები მოიცავს როგორც ცნობილ, ასევე იშვიათ და ნაკლებად ცნობილ გურულ სასიმღერო ნიმუშებს. ალბომს გააჩნია საგანმანათლებლო დატვირთვაც და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის გამოყენებული იქნება როგორც დამხმარე მასალა გურული ხალხური სიმღერების შესასწავლად.



