26 მარტს გალობის უნივერსიტეტს სტუმრად ესპანელი მუსიკოსი და თეორეტიკოსი პაბლო რუიბალი ეწვია. სტუმარს უნივერსიტეტის პრორექტორმა თამარ ჩხეიძემ, დეკანმა ზურაბ წკრიალაშვილმა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ყაზარაშვილმა უმასპინძლეს.
 პაბლო რუიბალი შუა საუკუნეების მუსიკის მკვლევარია. ის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას სტუმრობს. კონსერვატორიაში ვიზიტის ფარგლებში იგი ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ ინფორმაციასა და აუდიო ჩანაწერებს გაეცნო, რის შემდეგაც სურვილი გამოთქვა, უფრო ახლოს გასცნობოდა აღნიშნულ მუსიკალურ ტრადიციას. სწორედ ამ მიზნით ეწვია გალობის უნივერსიტეტს. მკვლევარი გაეცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე შეხვდა ლექტორებსა და სტუდენტებს, რომლებმაც სტუმრისათვის ქართული ტრადიციული მუსიკის სასიმღერო და დასაკრავი ნიმუშები შეასრულეს.
გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა ესპანელ მუსიკოსს საჩუქრად უნივერსიტეტის ბეჭდური გამოცემები გადასცა.