მიხეილ მცურავიშვილი – მაგალითი თუ როგორ უნდა ემსახურო და იცხოვრო ქართული ტრადიციული მუსიკის სიყვარულით! 23 მაისს გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაციაზე მოსულმა სტუმრებმა მიხეილ მცურავიშვილის შესახებ უნიკალური ისტორიები მოისმინეს, რომლებსაც „მონოგრაფია – მიხეილ მცურავიშვილი“ აერთიანებს. გამოცემა, რომლის ავტორი ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარძიანია, მიხეილ მცურავიშვილის 80 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. მონოგრაფია ფონდი „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ქართული სიმღერის მოამაგის“ რიგით VIII წიგნია.
ახალი გამოცემა საზოგადოების წინაშე მონოგრაფიის ავტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, გალობის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, მაკა ხარძიანმა წარადგინა. სტუმრების წინაშე წარდგა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მომღერალი და ლოტბარი მიხეილ მცურავიშვილი.
მიხეილ მცურავიშვილის შემოქმედებისადმი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა ფონდი „ქართული გალობის“ დირექტორმა ნინო რაზმაძემ. მან პროექტ „ქართული სიმღერის მოამაგის“ ახალი გამოცემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც ეროვნული საუნჯის შენახვისა და პოპულარიზაციისათვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მონოგრაფია სრულად ასახავს მიხეილ მცურავიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას, მის განსაკუთრებულ ღვაწლს ქართული ტრადიციული მუსიკის განვითარების სფეროში.
პრეზენტაციაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ მიხეილ მცურავიშვილის მიერ შესრულებული სიმღერების უნიკალურ ჩანაწერებს. ღონისძიებას ესწრებოდა ანსამბლი „რიხი“ (ხელმძღვანელი: ზურაბ წკრიალაშვილი), რომელსაც კონსულტაციას მიხეილ მცურავიშვილი უწევს. მონოგრაფიის პრეზენტაციაზე ანსამბლი მუსიკალური ნომრებითაც წარსდგა.
„შემოქმედს უნდა შეეძლოს, ყველაფერი შესწიროს თავისი ცხოვრების მთავარ საქმეს. მრავალხმიანი ქართული სიმღერის მადლი მაბედვინებს, დღესაც ვუხელმძღვანელო ახალგაზრდა მომღერლებს და გზა დავულოცო წარმატებისკენ“, – მიხეილ მცურავიშვილი.
გალობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბატონ მიხეილს ქართული ტრადიციული მუსიკისადმი გაწეული ღვაწლისთვის და უსურვებს მრავალ წარმატებულ შემოქმედებით წელიწადს!