13 აპრილს 15:00 საათზე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში შედგება პროფესორ ელდარ ბუბულაშვილის საჯარო ლექცია თემაზე:
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი XX საუკუნის 30-40-იან წლებში“
ლექცია ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დაბადების 150 წლისთავს, რომელიც ახალი სტილით 25 აპრილს სრულდება.
პატრიარქი კალისტრატე გარდა სასულიერო საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, აქტიურ სამეცნიერო კვლევით საქმიანობასაც ეწეოდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ე.წ. „პროლეტარული ინტერნაციონალიზაციის“ ლოზუნგით საქართველოს ტერიტორიების ნაწილი – საინგილო და ტაო სხვა ქვეყნების გამგებლობაში მოექცა.
ნაშრომში დღემდე უცნობი წერილობითი წყაროების საფუძველზე შესწავლილია თუ როგორ იბრძოდა პატრიარქი კალისტრატე დაკარგული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად.