9-12 აპრილს, ლატვიის მუსიკის აკადემიაში, გაიმართა საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია: „პოსტკოლონიური ვითარება ხელოვნებაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: გამოცდილება, გავლენა, გადაფასება“. კონფერენცია მოიცავდა მოხსენებათა მრავალფეროვან სპექტრს მუსიკაში, ვიზუალურ ხელოვნებაში, საშემსრულებლო ხელოვნებაში, კინოსა და სხვა დისციპლინებში. მონაწილე მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ფინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი), განიხილეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. კონფერენციაზე, გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეონა რუხაძემ წაიკითხა მოხსენება – „ტრადიციული მუსიკის ტრანსფორმაცია: ანსამბლი „მთიები“ და ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობა პოსტ-საბჭოთა საქართველოში“. მოხსენებაში განხილული იყო ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობის ისტორია საბჭოთა ეპოქაში, მისი ტრანსფორმაცია გვიან საბჭოთა პერიოდში და მდგომარეობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.