დიდ ბრიტანეთში, 30 ივნისი – 4 ივლისის პერიოდში, სამი ინგლისური უნივერსიტეტის (ნიუქასლის, დარემისა და ნორთუმბრიას უნივერსიტეტები) კოლაბორაციით გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია Medieval and Renaissance Music, სადაც ტრადიციულად, თავი მოიყარა შუა საუკუნეებისა და რენესანსის მუსიკალური ხელოვნების 200-მდე მკვლევარმა სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ სფეროებიდან. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თამარ ჩხეიძე (თანაავტორთან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ მარიკა ნადარეიშვილთან ერთად). მოხსენებაში Features of Chant Embellishment in Medieval Georgian and European Church Music („საგალობლის გამშვენების თავისებურებები შუა საუკუნეების ქართულ და ევროპულ საეკლესიო მუსიკაში“) მეცნიერებმა გააანალიზეს ვარიანტული განვითარების პრინციპი როგორც წამყვანი კონცეფცია შუა საუკუნეებისა და ადრეული აღორძინების ევროპულ პროფესიულ  მუსიკალურ ხელოვნებასა და ქართულ ტრადიციულ მუსიკაში. კომპარატიული კვლევის კონტექსტში (მათ შორის, ევროპული და ე.წ. აღმოსავლური რენესანსის ფენომენების გათვალისწინებით, გამშვენება-ორნამენტიკის მუსიკალური, ხუროთმოძღვრების თუ სხვ. ხელოვნების დარგის ნიმუშების პარალელებით, ზეპირი ტრადიციისა და სანოტო დამწერლობის ურთიერთმიმართების ქართული და ევროპული  კონტექსტის გათვალისწინებით) მკვლევრებმა განიხილეს იოჰანეს ტინქტორისის მიერ პირველად განმარტებული ე.წ. varietas-ის ცნება და პრინციპი;  შესაბამისი არგუმენტების მოხმობით, მათ წამოაყენეს თეორია ამ პრინციპის მრავალფეროვანი გამოვლენის შესახებ ქართულ ტრადიციულ მუსიკაშიც, გააანალიზეს საგალობლის გამშვენების მსგავსი და განსხვავებული ფორმები მოტივის, ფრაზისა და ვრცელი მელოდიური სტრუქტურების დონეზე როგორც ქართულ, ისე ევროპულ ნიმუშებში.

მოხსენება მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (პროექტი – „ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“, FR- 22-7504) ფარგლებში (გრანტის თანადამფინანსებელია ფონდი „ქართული გალობა“). პროექტის სამეცნიერო გუნდს წარმოადგენენ: პროექტის ხელმძღვანელი, პროფ. თამარ ჩხეიძე, პროექტის კოორდინატორი, პროფ. მარიკა ნადარეიშვილი და ახალგაზრდა მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი ნინო სამხარაძე.