გალობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

აკადემიური კეთილსინდისიერების ცნობადობის გაზრდის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ქრისტინე ჩიხლაძემ სტუდენტებს აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპები და ღირებულებები გააცნო. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის სახეობებზე – აკადემიურ თაღლითობაზე, ტყუილზე, პროფესიულ გულგრილობასა და პლაგიატზე.  შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცვნენ გალობის უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატის პრევენციის მიზნით არსებულ შიდა რეგულაციებსა და მექანიზმებს, ასევე,  განიხილეს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევით დაკისრებული პასუხისმგებლობები.

სასწავლო პროცესის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები სტუდენტებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ყაზარაშვილმა გააცნო. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარებისა და მათი აღდგენის წესის შესახებ.