4 აპრილს გალობის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დეკანოზ დავით თავაძის საჯარო ლექცია „ვეფხისტყაოსნის პროლოგის ღვთისმეტყველება“.
შუა საუკუნეების ლიტერატურული შედევრი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ქართველი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს საგანძურს წარმოადგენს. პოემა თავისი შეუფასებელი ღირებულებით არ კარგავს აქტუალობას და დღევანდელი საზოგადოებისათვის კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანს შესწავლისა და გააზრებისათვის.
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“ – პოემის დასაწყისი, რომელშიც ავტორი სამყაროს შექმნის პროცესს აღწერს, საჯარო ლექციის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა. „ვეფხისტყაოსანი“ განსხვავებული რაკურსით აუდიტორიისათვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. დეკანოზმა დავით თავაძემ შეხვედრაზე ისაუბრა „ვეფხისტყაოსნის“ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე, იმ პრინციპებზე, რომლებიც შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაშია ასახული.