26 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტში სერბული ტრადიციული მუსიკის ვორკშოპი გაიმართა. ვორკშოპი სერბმა მუსიკოლოგმა ელენა იოვანოვიჩმა ჯგუფ „ტოპოლასთან“ ერთად ჩაატარა.
ელენა იოვანოვიჩი – ეთნომუსიკოლოგი და ტრადიციული სიმღერების შემსრულებელი, არის სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის მუსიკოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკი და ამ აკადემიის წევრ კორესპონდენტი (ბელგრადი, სერბეთი). მისი ეთნომუსიკოლოგიური მოღვაწეობის სფეროებია: ცენტრალური სერბეთის ვოკალური და ინსტრუმენტული ტრადიცია, სერბების ვოკალური ტრადიცია ბანატში (რუმინეთი), გამოყენებითი ეთნომუსიკოლოგია, ტრადიციული მუსიკის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, 1970-იანი წლების იუგოსლავიური პოპულარული მუსიკა ფოლკლორული მოტივებით. არის ქალთა ვოკალური ანსამბლის „მობა” ერთ-ერთი დამაარსებელი და დირიჟორი (1993 წლიდან), ატარებს სერბული ტრადიციული მუსიკის ვორკშოპებს სერბეთსა და მის ფარგლებს გარეთ.