28 ივნისს გალობის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“. კონფერენცია ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი მუშაობის განვითარებასა და ხელშეწყობას, მიღწეული შედეგების რეალიზებისათვის სათანადო გარემოს შექმნას. კონფერენციის საუკეთესო მომხსენებლისათვის, წახალისებისა და მოტივაციის ზრდისთვის დაწესებულია სპეციალური ჯილდო – პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის პრემია.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს ელენე ელიოზიშვილმა (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი), ანა სტროგანოვამ (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი), ნინო ვეფხვაძემ (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი), სოფიო მოდებაძემ (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიისა და შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ფილოსოფიის დოქტორი), გიორგი აბრამიშვილმა (გიორგი მთაწმინდელის სახ. გალობის უნივერსიტეტი, სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი მუსიკოლოგიაში), ბესიკ მახათაძემ (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორია, მაგისტრატურის II კურსი), მონოზონმა ნინო სამხარაძემ (თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორია, დოქტორანტი). კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი. პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის პრემია და სიგელი გადაეცა ანა სტროგანოვასა და ბესიკ მახათაძეს.
ვულოცავთ პრემიის მფლობელებსა და ყველა მონაწილეს კონფერენციაში წარმატებულ მონაწილეობას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!