საექსპედიციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით 10 ივლისს სტუდენტური ექსპედიცია კახეთში თელავისა და ახმეტის რაიონებს ესტუმრა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდნენ გალობის უნივერსიტეტის პედაგოგები – ბექა და გოჩა ბიძინაშვილები.
პირველი გაჩერება – სოფელი ვარდისუბანი
თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ექსპედიციის ჯგუფი 82 წლის ქალბატონს – ლამარა ბახბახაშვილს ეწვია. ლამარა ბებოს ქართული ხალხური სიმღერა ბავშვობიდან შეუყვარდა. მღეროდა სხვადასხვა ქალთა გუნდში. ექსპედიციის ფარგლებში სტუდენტებმა მისგან კახური საგუნდო და საფანდურო სიმღერები მოისმინეს და კახურ მელიზმატიკასა და თელავურ სასიმღერო ტრადიციაზე მისგან საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.
მეორე გაჩერება – სოფელი ქისტაური
ახმეტის რაიონში #სტუდენტურიექსპედიცია სოფელ ქისტაურის ფოლკლორულ ანსამბლს – „მუქუეთს“ შეხვდა. მოხუცმა მომღერლებმა სიმღერებთან ერთად სტუდენტებს თავიანთი სახალისო და საინტერესო ამბებიც გაუზიარეს, ისაუბრეს ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობაზე.
მესამე გაჩერება – სოფელი მატანი
ახმეტის რაიონში ექსპედიციის მარშრუტი სოფელ მატანში ბატონ ელდარ ჭიჭიაშვილთან გაგრძელდა. ბატონი ელდარი ეთნოფორი, პოეტი, ისტორიკოსი, ფრანგული ენის სპეციალისტი და კარგი მომღერალი ბრძანდება. ექსპედიციის წევრებისთვის მან ყეენობის, ალილოს, ნათლისღების მატნური ტრადიციები გაიხსენა. საუბარი შეეხო ქართული ხალხური სიმღერის მომავალსაც. ბატონმა ელდარმა სტუდენტებისთვის თავისი შექმნილი სიმღერებიც შეასრულა.
ექსპედიცია სრულად ჩაიწერა ხმის ჩამწერი სტუდია “ქართული გალობის” მიერ.
ექსპედიციების გარდა სტუდენტები სტუმრობდნენ თელავის წმ. ძმები კარბელაშვილების სახელობის ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლასა და ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრეს.