12 ოქტომბერს სტუდენტური ექსპედიციის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები კახეთში ახმეტის რაიონსა და სოფელ მატანს სტუმრობდნენ. ექსპედიციას გალობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბექა ბიძინაშვილი ხელმძღვანელობდა.
საექსპედიციო ჯგუფი შეხვდა ეთნოფორებს – ნათელა გრძელივანაშვილს,  ელდარ ჭიჭიაშვილსა და გოდერძი მთიულიშვილს.
ქალბატონი ნათელა, ახმეტის ეთნოგრაფიული ანსამბლის გამორჩეული მომღერალი, დღეს უკვე 78 წლისაა. წლების მიუხედავად მისი ხმა კვლავაც ძლიერად ჟღერს. ექსპედიციის ფარგლებში მან გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა და ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.  ბატონმა ელდარმა სტუდენტებს კვეტერას ციხე დაათვალიერებინა და სოფელ მატანში დღესასწაულების აღნიშვნის რიტუალებზე ესაუბრა. ასევე შეასრულა თავის მიერ შექმნილი სიმღერები. საექსპედიციო ჯგუფმა დაათვალიერა გოდერძი  მთიულიშვილის მიერ  დამზადებული სალამურები. საკრავების დამზადების მიზანი ახალ თაობაში სალამურის პოპულარიზაციაა, რაზეც ბატონი გოდერძი და ბექა ბიძინაშვილი ერთად ზრუნავენ. ექსპედიციის დროს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქისტურ მუსიკალურ კულტურასაც, რომელიც სტუდენტებისათვის ქისტური მუსიკის შემსრულებელმა ლანა გუნაშაშვილმა წარმოადგინა. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტურ ექსპედიციას ასევე ესწრებოდნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კახურო“, რომლის რამდენიმე წევრი გალობის უნივერსიტეტის სტუდენტობისათვის ემზადება. ექსპედიცია ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრის შთამბეჭდავი სანახაობით დასრულდა.