გალობის უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს შორის 29 ნოემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური სამუსიკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას, პოპულარიზაციასა და ტრადიციული სამუსიკო ხელოვნებისადმი  მომავალი თაობებისათვის ინტერესის გაღვივებას. ურთიერთთანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ისეთი  პროექტების დაგეგმა-განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის, სამეცნიერო-სახელოვნებო კვლევების და სტუდენტებისა და პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

ღონისძიების ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გალობის უნივერსიტეტის შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია, მოეწყო უნივერსიტეტის შესახებ ფილმის ჩვენებაც.  ამავე ღონისძიებაზე გალობის უნივერსიტეტისა და ფონდი „ქართული გალობის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცემული „ჭვანა – ერთი ხეობის ფოლკლორი“ აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემის შესახებ გალობის უნივერსიტეტის პროექტების მართვის მენეჯერმა ნინო რაზმაძემ ისაუბრა.

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილში სტუმრების წინაშე ბათუმის სალოტბარო სკოლის (ლოტბარი: გიორგი ჩხარტიშვილი, რეგენტი: გიგა დიასამიძე) მოსწავლეები წარდგნენ.