ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებისა და გალობის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პირველ შეხვედრას კასპის სალოტბარო სკოლამ, 25 აპრილს, ქალაქის 1-ელ საჯარო სკოლაში უმასპინძლა.
შეხვედრას უძღვებოდა კასპის სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტი თორნიკე მერაბიშვილი, რომელმაც ქართული ტრადიციული მუსიკის ახალი თაობისათვის მისი გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართული ხალხური სიმღერა და გალობა, მათი აღმოჩენა, გააზრება და ტრადიციის გაგრძელების სურვილი, გზა პირველი ნაბიჯებიდან გალობის უნივერსიტეტამდე, ჩემი პროფესია: ლოტბარ-რეგენტი – ამ თემებზე სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტებმა, ელენე შუბითიძემ და ბეთქილ გვიჭიანმა.
გალობის უნივერსიტეტის მისიის, სწავლებისა და პროექტების შესახებ საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია წარმოადგინა გალობის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან თაბაგარმა.
შეხვედრის აქტიური მონაწილეები იყვნენ კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებმაც მსმენელის წინაშე საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერისა და საგალობლის ნიმუშები შეასრულეს.
გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ კასპის სალოტბარო სკოლას, 1-ელ საჯარო სკოლასა და მუნიციპალიტეტის მერიას.