გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში 2015 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ მიერ გამოცემული ცნობილი ლოტბარებისა და მომღერლების: პოლიკარპე ხუბულავასა და ანდრო სიმაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი წიგნების პრეზენტაცია. საღამო გახსნა სასწავლებლის რექტორმა არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე). მან აღნიშნა, რომ ქართული ფოლკლორის ცნობილი წარმომადგენლების დაფასება და მათი ცხოვრების შესახებ წიგნების გამოცემა, რასაც რამდენიმე წელია ფონდი „ქართული გალობა“ ახორციელებს, საჭირო და საშვილიშვილო საქმეა, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ მათი სახელოვანი წინაპრების შესახებ. საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ (აღმასრულებელი დირექტორი ნანა გოთუა) ყოველწლიურად აწყობს ცნობილი მომღერლების, ლოტბარების, მოცეკვავეების, ქართული ფოლკლორის ღირსეული წარმომადგენლების დაჯილდოებას. ასევე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცემა წიგნები დაჯილდოებულთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პირველი ასეთი წიგნი ეძღვნებოდა ტრისტან და გური სიხარულიძეებს. პოლიკარპე ხუბულავასა და ანდრო სიმაშვილის შესახებ გამოცემული წიგნები კი დღევანდელ საღამოზე იყო წარმოდგენილი. პოლიკარპე ხუბულავა და ანდრო სიმაშვილიც დაჯილდოვებულნი არიან ფონდი,,ქართული გალობის“ მიერ იმ ღვაწლისთვის რაც მათ გასწიეს ქართული ფოლკლორის წინაშე. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ წიგნების ავტორები: ნინო კალანდაძე-მახარაძე (პოლიკარპე ხუბულავას შესახებ წიგნის ავტორი) და მარინა კვიჟინაძე (ანდრო სიმაშვილის შესახებ წიგნის ავტორი). სიტყვით გამოვიდნენ და წარმოდგენილი წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და ცნობილმა ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ. სასწავლებელში სტუმრად იმყოფებოდა ბატონი ანდრო, რომელმაც „კახური მრავალჟამიერი“ შეასრულა სტუდენტებთან ერთად.

ამავე ღონისძიებაზე სასწავლებლის ოთხ კურსდამთავრებულს: ლაშა სიხარულიძეს, ზურაბ გოგოლაძეს, ვახტანგ ცეცხლაძეს და სოსო კოპალეიშვილს გადაეცათ საეკლესიო მუსიკის ბაკალავრის დიპლომები. სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ვანო ჩხარტიშვილმა და ფაკულტეტის დეკანმა თამაზ გაბისონიამ მიულოცეს მათ და წარმატებები უსურვეს. დასასრულ, სასწავლებლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები.