17 მარტს გალობის უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის ბექა ბიძინაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „ქართლ-კახურ სიმღერასა და გალობაში არსებული მელიზმატიკა და მისი შესრულების თავისებურებები“.
მელიზმები, იგივე ორნამენტები, ქართლ-კახური სიმღერისა და საგალობლებისათვის განსაკუთრებული მუსიკალური მახასიათებელია, რომლის შესრულება შემსრულებლის ნიჭსა და იმპროვიზაციულობის უნარს მოითხოვს.
ლექცია თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა. ბექა ბიძინაშვილმა ისაუბრა მელიზმატიკის როლზე ქართლ-კახურ სიმღერებსა და საგალობლებში. შეხვედრის ფარგლებში მკვლევარმა მის მიერ სხვადასხვა სოფელში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით წარმოადგინა დაკვირვების შედეგები.
საჯარო ლექციის პრაქტიკულ ნაწილში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მოესინჯათ მრავალფეროვანი ქართლ-კახური მელიზმების შესრულება. მკვლევარმა შემსრულებლებს მელიზმების შესრულების ტექნიკა და საჭირო რჩევები გაუზიარა. სტუმრებისათვის პრაქტიკულმა ნაწილმა განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია.