8 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტში ფინური თანამედროვე ფოლკლორული მუსიკის გამორჩეულ წარმომადგენლებთან – ანე-მარი კივიმაკსა და მის ანსამბლის წევრებთან გაიმართა შეხვედრა.
ანე-მარი კივიმაკი თანამედროვე ფინური ფოლკლორის აღიარებული და ორიგინალური ავტორი, ეთნო-ემას, ფოლკლორული მუსიკის მთავარი ჯილდოს მფლობელია. მუსიკოსი გალობის უნივერსიტეტს ეწვია ანსამბლთან ერთად, რომლის შემადგენლობაში შედიან ტიმო ვეანანენი, (კანტელე) და სილია პალომაკი (ვოკალი, კანტელე, კლარნეტი).
შეხვედრა მუსიკალური კულტურების შესახებ ინფორმაციების გაცვლას ისახავდა მიზნად. „ანე-მარი კივიმაკის ანსამბლი“ დაინტერესებულია ქართული სასიმღერო შემოქმედებისა და საკრავიერი მუსიკის გაცნობით. ამ მიზნით ანსამბლი სხვადასხვა ქართველ შემსრულებლებს სტუმრობს.
გალობის უნივერსიტეტში შეხვედრა უნივერსიტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ წკრიალაშვილმა გახსნა. სტუმრებისათვის გაიმართა გალობის უნივერსიტეტის შესახებ ფილმის ჩვენება. ფინელმა მუსიკოსებმა ინტერესით მოისმინეს ქართული ტრადიციული მუსიკა – სასიმღერო და საკრავიერი ნიმუშები. სტუმრების წინაშე ქართული პოლიფონია გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა წარმოადგინეს. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი თავის მხრივ ფინური მუსიკის გამორჩეული რიტმი და მელოდიური ხედვა აღმოაჩინეს. აკორდეონი, კანტელე, კლარნეტი და ანე-მარი კივიმაკის ანსამბლის გამორჩეული ვოკალი – ასე შეიქმნა შთამბეჭდავი ემოციები გალობის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრიდან.
მადლობას ვუხდით ანე-მარი კივიმაკს და მის ანსამბლს ქართული ტრადიციული მუსიკით დაინტერესებისა და გალობის უნივერსიტეტში სტუმრობისათვის!
სხვადასხვა მუსიკალური კულტურის გაცნობა სტუდენტებისთვის პროფესიული მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. გალობის უნივერსიტეტი ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს და მხარს უჭერს საგანმანათლებლო სივრცეში მრავალფეროვანი მუსიკალური კულტურების ინტეგრაციას.






