სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გალობის უნივერსიტეტში ღონისძიება „გასული საუკუნის უკანასკნელი ხმები“ გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნომუსიკოლოგი მალხაზ ერქვანიძე და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის ხელმძღვანელი სანდრო ნათაძე.
ღონისძიება დაეთმო „მალხაზ ერქვანიძის არქივში“ დაცული მასალების განხილვას, სადაც წარდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკის უნიკალური აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ქართული ფოლკლორული მუსიკის ამსახველ მნიშვნელოვან დოკუმენტურ წყაროებს წარმოადგენს. ბატონმა მალხაზმა სტუდენტებს ექსპედიციებისას მიღებული გამოცდილება, საინტერესო ისტორიები და შთაბეჭდილებები გაუზიარა. სანდრო ნათაძემ კი სტუდენტებისათვის არქივის მნიშვნელობაზე, მის ღირებულებასა და კვლევით პერსპექტივებზე ისაუბრა.



