დღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სტუმრად იმყოფებოდა ქართლ-კახური სიმღერების საუკეთესო მცოდნე და შემსრულებელი, მომღერალი და ლოტბარი ანდრო სიმაშვილი (ანდრო პაპა). წელთა სიმრავლის მიუხედავად (ბატონი ანდრო 91 წლისაა), იგი ახალგაზრდული ენერგიით საუბრობს ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. სტუმარმა მსმენელებს მოუთხრო, თავისი ხანგრძლივი და რთული ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ დაეხმარა ქართული ხალხური სიმღერა, რა სიძნელეები ხვდებოდა ხალხური სიმღერების მოძიების და გადარჩენის პროცესში, რა შთაბეჭდილებას ახდენდნენ მასზე ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლები და როგორ შემოუნახა შთამომავლობას ბევრი უნიკალური სიმღერის ტექსტი და საშემსრულებლო ოსტატობა.

შემდეგ ანდრო პაპამ სიამოვნებით უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. საღამო დასრულდა რამდენიმე სიმღერით, რომლებიც საპატიო სტუმარმა სტუდენტებთან ერთად შეასრულა.

ანდრო სიმაშვილი დაიბადა 1923 წლის 6 ოქტომბერს თელავის რაიონის სოფ. ართანაში. მან მოიძია და აღადგინა არაერთი მივიწყებული კახური სიმღერა. თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევანიშვილთან თელავში, სტუდენტობის დროს — ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. 1954 წლიდან ანსამბლ „ართანას“ წევრია, რომლის სახელითაც ორჯერ მოიპოვა ლაურეატის წოდება. 2002 წელს მიიწვიეს პარიზში ანსამბლ „ირინოლასთვის“ ქართული ხალხური სიმღერების შესასწავლად. 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2008 წელს გადაეცა ფოლკლორის ეროვნული პრემია.

2013 წელს ფონდმა „ქართული გალობა“ კახური სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ანდრო სიმაშვილი საპატიო პრიზით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.