22 დეკემბერს, 15:00 საათზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში შედგება შეხვედრა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ პიანისტსა და კომპოზიტორ, Berklee Collage of Music-ის და Manhattan School of Music-ის მაგისტრ გიორგი მიქაძესთან
აშშ-ში მოღვაწე უნიკალური და ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე ქართველი ხელოვანი გიორგი რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და თავისი წარმატებული საგანმანათლებლო თუ საკონცერტო ცხოვრებით საქართველოს უდიდეს პოპულარიზაციას უწევს. ჯაზის და თანამედროვე მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების ყოველთვის სასურველი სტუმარია.
გიორგიმ თანმიმდევრული კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო: 2006 წელს დაამთავრა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი” ; 2010 წელს კი ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის ბაკალავრიატი პროფ. რევაზ თავაძის ხელმძღვანელობით. აშშ-ში გამგზავრებამდე მან როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა.
2010 წლიდან გიორგი აშშ-ს ქ. ბოსტონის ყველაზე პრესტიჟული Berklee Collage of Music-ის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიატი გახდა; უნივერსიტეტისა, რომელში სწავლაც ყველა მუსიკოსის სანატრელი ოცნებაა და რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს მსოფლიოს საუკეთესო 10 მუსიკალურ სასწავლებელს შორის პირველ პოზიციას. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გიორგის, როგორც ჯაზ-შემსრულებლის, კომპოზიტორის, დირიჟორის, მენეჯერის და არანჟირებების ავტორის მუდმივი შემოქმედებითი ზრდა და წარმატებული კარიერა.
2014 წელს მუსიკოსი განსაცვიფრებელი შედეგებით ჩაირიცხა ნიუ-იორკის უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემია Manhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე. გიორგი აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ 3 000 აპლიკანტს შორის მაგისტრატურის სრული, ორწლიანი სასწავლო გრანტი (Full-tuition Scholarship grant for MA Program) მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძე პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო Manhattan School of Music-ში;
მუსიკოსი სისტემატურად მართავს კონცერტებს აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ, ელიტარულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში, როგორც კლასიკოსი, ისე ჯაზის, ბლუზის, გოსპელის, პოპის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკის შემსრულებელი. სწორედ ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „უნივერსალურ მუსიკოსს“.
მიუხედავად სტილური ორიენტირების მრავალფეროვნებისა, გიორგი არ ივიწყებს ქართულ ფესვებს და საკომპოზიციო შემოქმედებაში ეყრდნობა ქართული ხალხური მუსიკის მოტივებს. ამ მიმართულებით მან არაერთხელ გააოცა ამერიკელი და ევროპელი მსმენელი საკუთარი კომპოზიციებით („კავკასიური ნაგაზი“, „იგავის მოსმენის შემდეგ“, „ნანა“) და უჩვეულო არანჟირებებით („საჭიდაო“ „აზამატი“, „სვანური ნანა“ და სხვა), რომელშიც ორგანულადაა შერწყმული აფრო-ამერიკული ჯაზის, კლასიკისა და ქართული ფოლკლორული მუსიკის ელემენტები. სწორედ ამ მიმართულებით შემოქმედებითი ძიებების შედეგია 2016 წელს გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მიერ განხორციელებული ნოვატორული პროქტი „ვოისა“. პროექტი წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკისა და თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობები.
გიორგი არის არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული კონკურისის ლაურეატი და პრემიის მფლობელი, წელს მას მიენიჭა Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზ არტისტის წოდება. 2016 წელს გიორგის უნიკალურმა პროექტმა „ქართული მიკროტონალური მუსიკა“ გაიმარჯვა 18th Street Arts Center-ის JAZZ FELLOW, პროგრამაში, რომლითაც აჯილდოვენებ წელიწადში მხოლოდ 1 მუსიკოსს.
2017 წლის 19-22 იანვარს მიწვეულია კალიფორნიაში – ხელოვნების წარმოების მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესს მუსიკალურ პროდუქციის სავაჭრო ღონისძიებაზე NAMM Show 2016-ზე (National Association of Music Merchants, Anaheim, California), სადაც გამართავს კონცერტებს და წარადგენს იამაჰას სახელს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: