ფუნდამენტური კვლევითი გრანტის პროექტის „ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“ (№FR-22-7504) ფარგლებში გაიმართა ონლაინ შეხვედრა, სადაც პროექტის სამეცნიერო გუნდის წევრებმა: პროექტის ხელმძღვანელმა პროფ. თამარ ჩხეიძემ, პროექტის კოორდინატორმა – პროფ. მარიკა ნადარეიშვილმა და ახალგაზრდა მეცნიერმა – დოქტორანტმა ნინო სამხარაძემ კოლეგებს წარუდგინეს კვლევის შუალედური შედეგები.
ქართველ კოლეგებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდა ესპანელი მუსიკოსი და თეორეტიკოსი პაბლო რუიბალი, რომლის შეფასებით პროექტის სამომავლო პერსპექტივები საინტერესო განვითარებას ჰპოვებს, ვნების კვირის მსახურების ძველ ესპანური (მოსარაბული) და ქართული ტრადიციების შედარებითი შესწავლის ჭრილში. გამოითქვა სურვილიც, რომ კვლევის შედეგები, რომელიც სხვადასხვა (ქართულ და ინგლისურენოვან) სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა და პროექტის დასასრულს ორენოვან ელ-მონოგრაფიაში მოიყრის თავს, ესპანურ ენაზეც ითარგმნოს.
პროექტის სამეცნიერო გუნდის წევრებმა მადლობა გადაუხადეს რუსთველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ფონდ „ქართულ გალობას“ ფინანსური მხარდაჭერისთვის, ხოლო კოლეგებს შეკითხვების, შეფასებისა და გამოთქმული მოსაზრებებისთვის.
გალობის უნივერსიტეტი პერსპექტიულად მიიჩნევს პაბლო რუიბალისთან სამეცნიერო და შემოქმედებითი თანამშრომლობის გაგრძელებას და გაფართოებას.